რაიონულმა პროკურატურამ მუხთარლის და მის ცოლს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

ლეილა მუსტაფაევა
ტაბულა

ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ აზერბაიჯენელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და მის ცოლს დაზარალებული სტატუსი არ მიანიჭა. ადვოკატმა იმავე მოთხოვნით დღეს ქალაქის პროკურატურას მიმართა.

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ასევე ითხოვს, რომ საქმე არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ გამოიძიოს. 

"როდესაც არის მოწმეთა ჩვენებები, როდესაც არის ფაქტი, რომ ადამიანი გაუჩინარდა და დღეს ეს ადამიანი აზერბაიჯანში იმყოფება, მას არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ადვოკატთან შეხვედრის პრობლემებიც კი ჰქონდა - წარმოუდგენელია, კიდევრა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ დაზარალებულად ცნონ.

თითქმის ორი კვირაა გასული გაუჩინარებიდან და ვიდეომასალები, რომლებიც ცხადად დაადასტურებდა რა ვითარებაში და ვინ გაიტაცა, დღემდე არ გვინახავს", - ამბობს მუხთარლის ადვოკატი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები