ლაფანყურის საქმეზე ავსტრიაში დაკავებული მებრძოლი ამტკიცებს, რომ რუსეთის აგენტი იყო

netgazeti.ge

ავსტრიაში ჩეჩენი მებრძოლის, მაგამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალად 2012 წელს, ლაფანყურის მოვლენებში მონაწილეობა ედება. იბრაგიმოვი სასამართლოს უცხადებს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის აგენტია და მათ ინფორმაციას აწვდიდა ევროპაში, ჩეჩენი ლტოლვილების შესახებ - ამის შესახებ გამოცემა Кавказ.Реалии წერს.

ბრალდების ვერსიით, იბრაგიმოვი ერთ-ერთი იყო, ახმედ ჩატაევთან ერთად, ვისაც საქართველოდან, ჩეჩნეთსა და დაღესტანში შეიარაღებული ახალგაზრდები უნდა გადაეყვანა, რომელთა ნაწილიც მათ "ჯიჰადისთვის" გადაიბირეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ვერსიით, პროვოკაციას რუსეთის ფედერაცია აწყობდა - რუსებს სურდათ ბრალი დაედოთ საქართველოს სახელმწიფოსთვის, რომ ის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტებს გზავნიდა (რაზეც საპასუხო რეაქციაც შესაძლოა საქართველოში შემოჭრა ყოფილიყო).

იბრაგიმოვის ვერსიით, მთელი ოპერაცია დაგეგმა მან, ისლამ კადიროვთან (რამზან კადიროვის ნათესავთან) ერთად, რომელიც ჯგუფთან შეხვედრას საზღვრის რუსულ მხარეს ელოდა. ვენის სასამართლოზე მან თქვა, რომ ოპერაციის ჩავარდნა მისი ბრალი იყო: მან გააგზავნა SMS შეტყობინება, რომელიც ქართულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. ამით მათ საშუალება მიეცათ მებრძოლებისთვის რუსეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა გადაეკეტათ.

გამოცემის ცნობით, ბრალდების ავსტრიულ მხარეს მიაჩნია, რომ ჩატაევი ოპერაციის ორგანიზატორი იყო, იბრაგიმოვი კი, მეტ სახელად აბუ-ხამზა - ჯგუფის ხელმძღვანელი. Кавказ.Реалии წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ლოპოტასთან, ჯგუფი ქართველი მესაზღვრეების ალყაში მოექცა. მოლაპარაკებები მძევლად ჩაბარების შესახებ წარუმატებლად დასრულდა და ისინი ქართველ ძალოვანებთან ბრძოლაში ჩაერთვნენ. შედეგად ჯგუფის შვიდი წევრი და სამი ქართველი ოფიცერი დაიღუბა. იბრაგიმოვი და მათი რამდენიმე თანამებრძოლი გაიქცნენ. ჩატაევი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოუშვეს (რის შემდეგაც ის სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ იბრძოდა). მაგამედ იბრაგიმოვი დაბრუნდა ავსტრიაში, სადაც ის ამ დრომდე ცხოვრობს.

ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ, ის თავისი ნებით დაუკავშირდა ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენელს. მასთან საუბარში იბრაგიმოვი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში დაიღუპა არა სამი ქართველი სამართალდამცველი, როგორც ეს ოფიციალურად მიიჩნევა, არამედ გაცილებით მეტი.

2012 წელს მისი გასამართლება ვერ მოხერხდა. პროკურორის მტკიცებით, არ არსებობდა ლაფანყურის ოპერაციაში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება. იბრაგიმოვმა მოგვიანებით უარყო თავისი განცხადებები და თქვა, რომ მას "თავისი წყაროები ჰყავდა".

Кавказ.Реалии წერს, რომ იბრაგიმოვი ავსტრიაში ამ დრომდე ორჯერ იყო დაკავებული წვრილმანი სამართალდარღვევებისთვის. პირველ ჯერზე - საკუთარი შვილებისთვის ალიმენტების გადაუხდელობის გამო. მეორედ იარაღის უკანონო ტარებისა და ჩხუბისთვის. მესამე დაკავების დროს მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი ლაფანყურის შესახებ, სადაც მაგამედ იბრაგიმოვი დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას ლაფანყურის მოვლენებში. სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.

სასამართლო პროცესი გრძელდება.

კომენტარები