მიანმარი

როგორ წარმოიშვა მიანმარის სისხლიანი კონფლიქტი, რომელსაც 100 000-ზე მეტი დევნილი ჰყავს

0 კომენტარი

25 აგვისტოს შემდეგ მიანმარის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში განვითარებული ძალადობა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობასა და მიანმარის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი მეზობელი ბანგლადეშისათვის ცდილობს თავის შეფარებას. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე დაგმო მათ წინააღმდეგ ძალადობა, ზოგმა კი მიმდინარე მოვლებები "გენოციდად" შეაფასა.

რატომ დაიწყო დაპირისპირება და ვინ არიან ამბოხებულები

დაპირისპირება 25 აგვისტოს რაკხაინის პროვინციაში პოლიციის პოსტებზე თავდასხმას მოჰყვა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ამბოხებულები დანებით და ხელნაკეთი ბომბებით იყვნენ შეიარაღებული. ისინი თავს როჰიჯას ხსნის არმიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ჩაგრული როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის წევრების უფლებებისათვის იბრძვიან. მთავრობა მათ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს რომ მათ საზღვარგარეთ აქვთ წვრთნები გავლილი. ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელი საუდის არაბეთიდან და პაკისტანიდანაა, თუმცა მათივე თქმით არანაირი კავშირი არ აქვთ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და მათ მიზანს მხოლოდ როჰინჯას უფლებებისათვის ბრძოლა წარმოადგენს. ისინი უარყოფენ ტერორიზმის ბრალდებას, რადგან მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან თავს.

ჯგუფმა წვრთნები 2013 წლიდან დაიწყო, პირველი თავდასხმა პოლიციის შენობაზე 2016 წლის ოქტომბერში განახორციელა, რასაც 9 პოლიციელი ემსხვერპლა. მას შემდეგ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპასუხო ქმედებების შედეგად 2016 წლიდან მოყოლებული 100,000-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა დატოვა რეგიონი მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძებნელად, თუმცა მათი მიღება არავის სურს.

კონფლიქტის ამსახველი ფოტოები:

ვინ არიან როჰინჯას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელები და რატომ ითვლებიან ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ თემად

რაკხაინის პროვინციაში მცხოვრები ინდო-არიული წარმოშობის როჰინჯას ხალხი დაახლოებით ერთ მილიონს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს. კიდევ ერთი მილიონი ლტოლვილია სხვადასხვა ქვეყანაში. მათი ნახევარი ბანგლადეშში, ნაწილი კი ინდოეთში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, საუდის არაბეთსა და პაკისტანში აფარებს თავს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მცირე ნაწილი კი ინდუიზმის მიმდევარი. მათ მიანმარის მოქალაქეობა არ აქვთ, რადგან მათზე ვრცელდება კანონი, რომელიც ბრიტანეთის მმართველობის დასრულების შემდეგ ჩამოსახლებულ მიგრანტებს მოქალაქეობის მიღებას უზღუდავს. მიანმარი მათ ბანგლადეშის ტერიტორიიდან ჩამოსახლებულ ინდოელ მიგრანტებად აღიქვამს და ბენგალის თემს უწოდებს. თავად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ რომ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული მათ ისტორიული ფესვები აქვთ ქვეყანაში. მოქალაქეობის არქონის გამო როჰინჯას წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ გადაადგილება, არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, ვერ იღებენ განათლებას და ვერ მსახურობენ საჯარო სამსახურში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მუსლიმი როჰინჯას წარმომადგენლები ბრიტანელებთან ერთად იბრძოდნენ, ხოლო მიანმარის ბუდისტი უმრავლესობა იაპონელების მხარეს. ბრიტანელების გამარჯვების შემდეგ რაკჰაინის რეგიონში როჰინჯას მხრიდან ბუდისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები ფიქსირდებოდა, მათ შორის სოფლების გადაწვის და ბუდისტური მონასტრების დანგრევის. 1948 წელს მიანმარის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპირატესობა უკვე ბუდისტების მხარეს აღმოჩნდა, რამაც დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნის მოძრაობა წარმოშვა, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია და მთავრობის მხრიდან არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება გამოიწვია. სწორედ აქედან დაიწყო როჰინჯას ლტოლვილების მიგრაცია ბანგლადეშში და მათი ბრძოლა მიანმარის მოქალაქეობის მისაღებად.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს უკვე მესამე მასშტაბური დაპირისპირებაა ბუდისტურ უმრავლესობას და მუსლიმ უმცირესობას შორის. 2012 წელს მუსლიმების მიერ ბუდისტი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებას დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  2016 წელს სისხლისღვრა როჰინჯას მხრიდან სასაზღვრო პოლიციაზე თავდასხმამ გამოიწვია.

ზოგიერთი მოსაზრებით მუსლიმების წინააღმდეგ აგრესია 2001 წელს თალიბანის მიერ ავღანეთში ბამიანის ბუდას ქანდაკებების აფეთქებას მოჰყვა. ზოგი ბუდისტი ბერი სანაცვლოდ მიანმარში ისტორიული მეჩეთების დანგრევასაც მოითხოვდა. მიანმარის მოსახლეობის 80% ბუდისტია, ხოლო მუსლიმები მხოლოდ 4%-ს შეადგენენ. მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას ქვეყნის ისტორიაში ადრეც ჰქონდა ადგილი, როცა მეთექვსმეტე საუკუნეში მეფეები ცხოველების ისლამური წესით დაკვლას და ზოგიერთი რიტუალის და დღესასწაულის ჩატარებას კრძალავდნენ, თუმცა, ბრიტანეთის მმართველობის დროს გაზრდილი მიგრაციის პირობებში რელიგიურ დაპირისპირებას ეთნიკურიც დაერთო თან.

სამხედრო მმართველობის დასრულების და პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ძალის ლიდერის, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, აუნ სან სუ ჩის მიმართ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრის შეწყვეტისაკენ მოწოდება ბევრი ლიდერის მხრიდან გაჟღერდა, თუმცა თავად აუნ სან სუ ჩი ამ კონფლიქტისათვის ეთნიკური წმენდის წოდებას გადამეტებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ დეზინფორმაცია ტერორისტების ინტერესს ემსახურება. 

რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, მიანმარის ძალები ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებს ახორციელებენ, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების დახოცვა, გაუპატიურებები, წამება, საცხოვრებელი სახლების და საკვების განადგურება და ა.შ. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს. ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო რთულია ამ ბრალდებების დამტკიცება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღება.

გახანგრძლივებული კონფლიქტის პირობებში რაკჰაინის პროვინციისა და ბანგლადეშის საზღვარზე, სადაც ათასობით ლტოლვილი თავშესაფრის მიღების მოლოდინშია, ჰუმანიტარული კრიზისის წარმოშობა გარდაუვალი ხდება. მუსლიმი ლიდერები მიანმარს მოუწოდებენ შეწყვიტოს მუსლიმების უფლებების დარღვევა და ზოგი მათგანი, მაგალითად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი "გენოციდში" ადანაშაულებს. 

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები