პრეზიდენტმა და ოპოზიციამ კონსტიტუციაზე შენიშვნები მმართველ გუნდს გადაუგზავნეს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესახებ ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული შენიშვნების პროექტი ქართულ ოცნებას გადაუგზავნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პოლიტიკური პარტიების მიერ შემუშავებული ერთობლივი ხედვა ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნება. 

"გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე: საარჩევნო სისტემასა და როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევის წესზე. ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს საკითხზე. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დათმო რაღაც დათქმა, მაგრამ შედგა თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება ქართულ ოცნებას და ვენეციის კომისიას იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ,და როგორც პოლიტიკურმა კულტურამ უნდა შევძლოთ მისვლა თანხმობამდე". 

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.  

კომენტარები