ივანიშვილი: ვეთანხმები ზურაბიშვილს, რომ 2008 წელს სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა

ქართული ოცნების პრესსამსახური

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება მისი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომ 2008 წელს "საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა". რუსთავი 2-ის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ივანიშვილს ჰკითხა, როგორ მოუწოდებს მოსახლეობას იმ ადამიანის მხარდაჭერისკენ, რომლის წიგნიდან ციტატებიც, რუსეთმა ჰააგის სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელში გამოიყენა.

"პუტინმა რამდენჯერმე დაიმოწმა იმის სათქმელად, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი მოსახლეობა" - თქვა კვესიტაძემ, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ "მეც ვიმეორებ მაგას.. საქართველომ კი არ დაბომბა, სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა".

კითხვაზე, "თქვენც ეთანხმებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი?", ქართული ოცნების თავმჯდომარე პასუხობს - "საქართველომ არა, სააკაშვილმა... დაბომბვაზე დაგეთანხმეთ მე".

ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს შეახსენა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, მისი ციტატები იქნება ოფიციალური და ის აღქმული იქნება, როგორც "პრეზიდენტი საქართველოს წინააღმდეგ".

ქართული ოცნების თავმჯდომარემ კი, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება შეეძლო.

"ისევ მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, რა მოხდა 2008 წელს და როგორ ახერხებს დღეს ეს გუნდი, ნაციონალური მოძრაობა და ქალბატონი ეკაც წარმომადგენელია ენმ-ს და თავისი ტელევიზიის, როგორ ახერხებს, როგორ ყოფნით ცინიზმი ასეთ დონეზე, რომ ეს საკითხები კიდევ სხვას გადააბრალონ და თავისი საკუთარი დანაშაული ერთი წამითაც არ გაიაზრონ. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებიდან ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება" - თქვა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

წაიკითხეთ დეტალურად, რა ციტატებს იყენებს რუსეთი არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.

კომენტარები