აუნ სან სუ ჩი

აუნ სან სუ ჩის Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვეს

0 კომენტარი
აუნ სან სუ ჩი ფოტო: BBC

მიანმარის სამოქალაქო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვეს.

ორგანიზაციამ 2009 წელს გაცემული ჯილდოს ჩამორთმევის მიზეზად სუ ჩის მიერ "იმ ღირებულებების, რასაც იცავდა, სამარცხვინო ღალატი" დაასახელა.

ნობელის ლაურეატ სუ ჩის მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროს არასაკმარის ქმედებაში ადანაშაულებენ. მას უკვე ჩამოართვეს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის და ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯილდოები. ამ უკანასკნელმა სუ კის პორტრეტიც ჩამოხსნა. მას ასევე ჩამოართვეს კანადის საპატიო მოქალაქეობა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ არ ჩამოართმევენ 1991 წელს მშვიდობის დარგში მიღებულ ნობელის პრემიას.

შეგახსენებთ, რომ მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობის დაწყების შემდეგ, რაც გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, ქვეყანა 700,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა. ამჟამად იგეგმება 2,000-მდე ადამიანის მიანმარში დაბრუნება.

გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუ ჩის რაკჰაინის რეგიონში გავითარებული მოვლენების გამო უნდა დაეტოვებინა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად გასული წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები