ლგბტქ უფლებები

ნიქო გორგილაძეზე თავდამსხმელი არასრულწლოვნისთვის სასამართლომ განრიდება მოითხოვა

ტაბულა

ნიქო გორგილაძე, რომელსაც 2018 წლის 17 მაისს თავს არასრულწლოვანი დაესხა, ამბობს, რომ მისი მოთხოვნა არა ს.კ-ს დაპატიმრება, არამედ სახელმწიფოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა დაუშვებელია. 

შესაბამისად, გორგილაძის აზრით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კაკაჩიას პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა, არც გაამართლა და განრიდების საფუძველზე, გარკვეული პერიოდით სოციალური მუშაკის ზედამხედველობა განუსაზღვრა. 

"ვფიქრობ, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბრალდებულ სერგი კაკაჩიასთან დაკავშირებით, რადგან კი არ გაამართლა კ, (როგორც ინტერპრეტირებენ ფაშისტური დაჯგუფებები), არამედ განრიდების საფუძველზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ, ჩაუტარდება ტრენინგები, გაივლის გარკვეულ პროგრამებს და ასეთი პრევენციის მიუხედავად, თუ მაინც ჩაიდენს ახალ დანაშაულს, შესაბამისადაც დაისჯება. ეს იყო ჩემი, როგორც დაზარალებულის, სურვილიცა და მოთხოვნაც.

17 მაისიდანვე მოყოლებული ვამბობდი, რომ ჩემი მოთხოვნა ს.კ-ის დაპატიმრება კი არ ყოფილა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, რომ ძალადობა დანაშაულია და დაუშვებელი, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ გაჩენილიყო საზოგადოებაში და კიდევ უფრო არ დამძიმებულიყო ლგბტქ ადამიანთა ყოფა საქართველოში. ფაქტია, რომ სახელმწიფომ არ დამიცვა, თვეების განმავლობაში არ მცნო დაზარალებულად, დააიგნორა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მოთხოვნა, დაცვის სპეციალური სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით და ა.შ

ცხადია, ს.კ-ის მიმართ, ისევე როგორც ადრე, არც ახლა მაქვს რაიმე სახის აგრესია, რადგან ის არის მსხვერპლი მოძალადე ქართული საზოგადოების, მახინჯი საგანმანათლებლო სისტემის, მორალისტი ამორალური სოციუმისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალწლიანი კაცთმოძულე იდეოლოგიის, რომელიც აქტიურად მიემართება უმცირესობებსა და მოწყვლად ჯგუფებს. 

ამას გარდა, ეს ქეისი კიდევ ერთი ლუსტრაცია იყო ქართული საზოგადოებისა. სანამ არ შეწყვეტთ ძალადობის გამართლებას, მანამ არ უწერია ამ ქვეყანას განვითარება, თქვენს შვილებს კი უკეთესი მომავალი. ასე რომ, სარალიძის ამბავზე მტირალა სმაილების წერას, სჯობს პასუხისმგებლობა იგრძნოთ, რადგან აგრესია შობს ძალადობას, თქვენ კი, ზრდასრულო პოტენციურო მოძალადეებო და მკვლელებო, ვინც საშინელ ტექსტებს წერდით და მწერდით ამ დღეებში, ყველა იმ დანაშაულზე ხართ პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, არასრულწლოვნების მკვლელობაშიც, ვინაიდან თქვენნაირი აგრესორები აძლევენ მაგალითს ბავშვებს/მოზარდებს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, მათგან განსხვავებული და მათთან დაპირისპირებული ადამიანების მიმართ.

მიხარია, რომ დასრულდა ეს ამბავი, რომლისგანაც ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ისევ ვერაფერი ისწავლა, თუმცა, ასეა თუ ისე, წარმატებები ს.კ-ის, უკეთეს კაცად და ჯანსაღ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაზე!

მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ადვოკატ რევაზ აჭარაძეს.

ასევე, განსაკუთრებული და პერსონალური მადლობა Tamara Chergoleishviliს

და ბოლოს, რა თქმა უნდა: სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!", - დაწერა ნიქო გორგილაძემ ფეისბუქზე. 

გორგილაძეს არასრულწლოვანი ს.კ თავს 17 მაისს, მაშინ დაესხა, როდესაც ის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოდიოდა.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

გუშინ, 6 დეკემბერს კი ს.კ-ის საქმეზე მოსამართლემ პროკურატურას განრიდების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო.

ს.კ-ს სასამართლოს ეზოში მხარდამჭერები ელოდებოდნენ - ისინი ამბობდნენ, რომ ლგბტ ადამიანის ცემის გამო არასრულწლოვნის გასამართლება დაუშვებელია. 

ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ისინი ოვაციებით შეხვდნენ და თქვეს, რომ ეს საზოგადოების ძალისხმევის შედეგია.

კომენტარები