ქართული ოცნება

ვოლსკი: კვლევები, ხშირ შემთხვევაში, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების უკანასკნელი კვლევების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, რომ კვლევები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია, რელური სურათი კი სახელისუფლებო კვლევებშია ასახული.

"ყველა საკითხი, რომელიც გამოკითხვაში არის ჩამოყალიბებული არის თემა, რომელიც ყოველდღიურად შეისწავლება ხელისუფლების სამთავრებო სტრუქტურების მიერ. თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით - ხშირ შემთვევაში, კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი, რასაკვირველია, არის დადებული იმ კვლევებში, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას და მუშაობაც, შესაბამისად, ორიენტირებულია ამ კვლევებზე და არა კვლევებზე, რომელიც, ხშირ შემთვევაში, რაღაც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით დამატებით იმიტომ, რომ არ გავცნობივარ..." - აღნიშნა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ვოლსკის თქმით, მათივე კვლევებში საგარეო კურსის სტრატეგიაზე განწყობები პოზიტიურია.

"სერიოზული პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაგრამ კარგია, რომ პოლიტიკური განწყობები, ჩვენი კვლევების მიხედვით, არის საკმაოდ პოზიტიური სახელმწიფოს იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ატარებს საგარეო კურსთან დაკავშირებით," - თქვა ვია ვოლსკიმ.

NDI-ის უკანასკნელი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები