სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის მიმართ გირაო ძალაში დატოვა

ხაზარაძე ჯაფარიძე წერეთელი

TBC ბანკისა საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და TBC ბანკის საქმეზე სამივე ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ძალაში დატოვა. 

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მომდევნო სხდომა 8 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, არც შეწყვეტის და არც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა არ იქნა ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული. ჩვენ მზად ვართ საქმის გაგრძელებისთვის, წარდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ ბრალდების აბსურდულობას,"- ზვიად კორძაძე. 

  • TBC ბანკის საქმე

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 

კომენტარები