აშშ - საქართველო

დეგნანი: ნატოში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ

0 კომენტარი
კელი დეგნანი ფოტო: Wikipedia

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 29 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატს, კელი დეგნანს მოუსმინა. მან თავის სიტყვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რუსული აგრესიის პირისპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საზიანო რუსულ და მზარდ ჩინურ გავლენასთან გამკლავება და სხვა.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან და დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია სურს. ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია საქართველოს უნარის გაძლიერებაში - დაიცვას თავისი საზღვრები წარმატებული, ინტეგრირებული, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში," - განაცხადა დეგნანმა და პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან ამ და სხვა პრიორიტეტებზე იმუშავებდა.

ელჩობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროგრესი, რომლესაც საქართველომ მიაღწია მარტივი არ ყოფილა და ხშირ შემთხვევაში ეს აშშ-ის ჩართულობით და საგარეო დახმარებით ხორციელდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ეს ინვესტიცია კონკრეტული ქმედებებით გადაიხადა, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა - საპარლამენტო ზედამხედველობის გაღრმავება და მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმების განხორციელება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მიღწეულის შესანარჩუნებლად და მასზე დაფუძნებით მშენებლობის საქმეში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია:

"განსაკუთრებით, პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლოს, მრავალფეროვანი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის კუთხით. განგრძობადი ძალისხმევა დემოკრატიის ამ პრინციპებისადმი და კანონის უზენაესობისადმი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუნდამენტია".

დეგნანმა თქვა, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ის ყველა მხარესთან იმუშავებს, რათა "მომავალ წელს უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება."

კელი დეგნანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში განგრძობად რუსულ ოკუპაციაზე - "მიღწეული წარმატების მიუხედავად, საქართველო კვლავ დამანგრეველი და დესტაბილიზაციის მომტანი რუსული ქმედებების სამიზნეა. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქარველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსული ძალების მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის განგრძობად ოკუპაციას და რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაწევის მცდელობას."

დეგნამა თქვა, რომ საქარველოში რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტიდან გამოსავალი არის ის, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს - "მათ შორის, თავისი სამხედრო ძალის უკან გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ჰუმანიტარული დახმარების დაშვება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება."

ელჩობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს უდრეკობა რუსეთის საზიანო ქმედებების პირისპირ ნათელია, რადგან ის ცდილობს შექმნას გამჭვირვალე ბიზნეს გარემო და წაახალისოს ძალიან საჭირო ეკონომიკური ზრდა. დეგნანისთვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ამერიკული კომპანიებისთვის მეტი შესაძლებლობები შექმნა - პრიორიტეტი იქნება.

დეგნამმა მისი სიტყვის დასასრულ თქვა:

"ელჩად დამტკიცების შემთვევაში, პირობას ვდებ, ვუერთგულო ჩვენ ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ხალხს ისეთი გამძლე საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც აფასებს მის მრავალფეროვან მემკვიდრეობას და რომელსაც შეეძლება წინ აღუდგეს რუსულ საზიანო ზეწოლას და მზარდ ჩინურ გავლენას."

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოში ელჩის თანამდებობა კელი დეგნანი წარადგინა. მის კანდიდატურას ახლა სენატზე უნდა ეყაროს კენჭი. 

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო. 

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.

საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები