ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ვინ იყო ბაღდადში მოკლული ყასემ სოლეიმანი და რას უნდა ველოდოთ მისი სიკვდილის შემდეგ

აკა ზარქუა
0 კომენტარი

"ვინც თავს ესხმის ირანს, ის თავს მესხმის მე" — ეს სიტყვები ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტური ქვედანაყოფის ყოფილ მეთაურს, ყასემ სოლეიმანის, ეკუთვნის.

სოლეიმანის მკვლელობამ თავისი მნიშვნელობით აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისა და ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაც დაჩრდილა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ ყასემ სოლეიმანი იდგა. ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის ლიკვიდაცია ახლო აღმოსავლეთისთვის სეისმური მნიშვნელობის მოვლენაა. მომხდარის მასშტაბს კი უმთავრესად ყასემ სოლეიმანის ფიგურა განაპირობებდა. 

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი და დაუნდობელი შურისძიებით დაემუქრა, დანარჩენი მსოფლიო კი ახალი სამხედრო დაპირისპირების მოლოდინშია. 

გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში CIA-ის ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა, სოლეიმანის მკვლელობა შეაფასა მოვლენად, რომლის მნიშვნელობის გაზვიადებაც შეუძლებელია.

მუშიდან გენერლობამდე

22 წლის ყასემ სოლეიმანი

დღევანდელის მსგავსად, 41 წლის წინაც მსოფლიოს ყურადღება ირანისკენ იყო მიპყრობილი. 1979 წლის 16 იანვარს ირანის შაჰმა უარი თქვა ტახტზე - ასე დასრულდა ირანის ისლამური რევოლუცია, რომლის შედეგადაც ქვეყანა ერთადერთ და უნიკალურ ისლამურ თეოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 

22 წლის ყასემ სოლეიმანისთვის ისლამური რევოლუცია სამხედრო და პოლიტიკური კარიერის ტრამპლინად იქცა. ღარიბ ოჯახში დაბადებული სოლეიმანი რევოლუციამდე ქერმანის წყალმომარაგების ორგანიზაციისთვის სხვადახვა ფიზიკურ სამუშაოს ასრულდებდა. სოლეიმანი ათასობით ახალგაზრდას მსგავსად შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩაერთო. 

მომავალი გენერალი ხშირად დადიოდა მეჩეთებში, სადაც შიიტი იმამების ქადაგებებს ისმენდა. იმ პერიოდის ირანში მეჩეთი შაჰის რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეების მთავარი თავშესაფარი იყო. ამ პერიოდში სოლეიმანიმ გაიცნო და დაუახლოვდა ირანის ამჟამინდელ უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამინეის. 

ყასემ სოლეიმანი და აიათოლა ალი ხამინეი 1990-იანი წლები

რევოლუციის შემდეგ სოლეიმანი ახლად ჩამოყალიბებული ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს შეურთდა. ამ დროის განმავლობაში სოლეიმანი მხურვალე და გულწრფელ რევოლუციენერად ჩამოყალიბდა.

ისლამური რევოლუციიდან მალევე ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა გადაწყვიტა, დასუსტებული მეზობლის მდგომარეობით ესარგებლა და ირანში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. 

1980 წელს დაწყებული ირან-ერაყის ომი რვა წელი გაგრძელდება, რა დროსაც მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება. სასტიკ დაპირისპირებაში ყასემ სოლეიმანის სახელი ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი. ამ პერიოდში სოლეიმანიმ უშიშარი და ჭკვიანი მებრძოლის უნაკლო რეპუტაცია შეიქმნა. მის სახელს მიაწერდნენ რამდენიმე ყველაზე წარმატებული შეტევის დაგეგმვასა და განხორციელებას. ერთი სიტყვით, ყასემ სოლეიმანი ომის გმირი გახდა. 

ყასემ სოლეიმანი ირან-ერაყის ომის დროს თანამებრძოლებთან ერთად

ისლამური რესპუბლიკის ყველაზე ძლევამოსილმა პირებმა მალევე შეამჩნიეს ახალგაზრდა მებრძოლის უნარები და 1990-იანი წლებიდან ყასემ სოლეიმანი რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტურ ქვედანაყოფში "ყუდსში" გადაიყვანეს. 1998 წელს სოლეიმანი სულაც დანაყოფის მეთაურად დაინიშნა. ამ დროიდან ახლო აღმოსავლეთში სოლეიმანის  შექცევადი დომინირება იწყება. ირანის და პირადად სოლეიმანის გავლენა რეგიონზე წლიდან წლამდე მზარდი იქნება.

ომი ტერორიზმთან და შესაძლო თანამშრომლობა აშშ-სთან

"ყუდსის" ქვედანაყოფში ახლად გადაყვანილი ყასემ სოლეიმანი დაჯგუფების გერბის ფონზე

11 სექტემბრის ტერაქტს მალევე აშშ-ის მიერ ტერორიზმის წინააღმდე გლობალური ომის გამოცხადება მოჰყვა. აშშ-ის მთავარი სამიზნე ავღანეთში მოკალათებული ტერორისტები გახდნენ, აშშ-სთან იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, ავღანეთში სუნიტური დაჯგუფებების მზარდი ძალაუფლება ირანსაც აწუხებდა. 

11 სექტემბრის შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა შეიქმნა, რომელშიც ირანსა და აშშ-ს საერთო მტერი ჰყავდათ. 

BBC-ისთან ინტერვიუში აშშ-ის იმდროინდელი ელჩი ავღანეთში რაიან კროკერი 2002 წელს ყასემ სოლეიმანისთან გამართულ შეხვედრას იხსენებს. კროკერის თქმით, სოლეიმანიმ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს თალიბებისა და ალ-ქაიდას პოზიციების შესახებ ფასეული ინფორმაცია გადასცა.

კროკერის თქმით, სოლეიმანიმ შეხვედრაზე თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოავლინა. ჯერ კიდევ შეუმდგარი ალიანსი კონგრესში ჯორჯ ბუშის გამოსვლასთან ერთად დაინგრა. თავის სიტყვაში აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ირანს რეგიონში აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე უწოდა. ამ გამოსვლასთან ერთად ირანთან თანამშრომლობის უკანასკნელი იმედი მოკვდა. 

კროკერისა და სოლეიმანის შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დემონტაჟის მიზნით აშშ-მა ერაყში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. ერაყის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტური ისლამის მიმდევარია, მიუხედავად ამისა, სადამის 24-წლიანი დიქტატურის დროს ქვეყანას სუნიტური უმცირესობის პარტია "ბაასი" მართავდა. სადამის ჩამოგდების შემდეგ ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, სადაც შიიტებმა მეტი უფლებები მიიღეს. 

ერაყის შიიტურ მოსახლეობაზე ირანის გავლენა ყოველთვის დიდი იყო. ეს გავლენა განსაკუთრებით ამერიკული ინტერვენციის წლებში და უმთავრესად ყასემ სოლეიმანის საქმიანობის შედეგად გაიზარდა. 

უკმაყოფილება იზრდებოდა სუნიტებს შორის, რომელთაც ამერიკელების შემოსვლასთან ერთად პრივილიგიები დაკარგეს. ამ პერიოდში ერაყში აბუ მუსაბ ალ-ზარკაუის სუნიტური დაჯგუფება მოქმედებდა, რომელიც ტერორისტული აქტების მეშვეობით შიიტებთან სექტარიანული ომის გაღვივებას ცდილობდა. ზარკაუის მთავარი სამიზნეები ხშირად შიიტური დასახლებები და მეჩეთები იყო.

ერაყში შექმნილი ქაოსით კარგად ისარგებლა ირანმა. ყასემ სოლეიმანის სტრატეგიით, ქვეყანაში ათეულობით გასამხედროებული შიიტური ორგანიზაცია შეიქმნა. ყუდსის გენერალი ამარაგებდა იარაღით, გეგმავდა, წვრთნიდა და აორგანიზებდა რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს. სოლეიმანი ერაყში დისლოცირებულ კოალიციურ ჯარებზე განხორციელებული ასობით სისხლიანი თავდასხმის ორგანიზატორია.

სოლეიმანის ანგარიშზე რამდენიმე გაბედული სპეცოპერაციაა. 2007 წელს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ ბაზაზე ყუდსის დაჯგუფების ხუთი წევრი შეიჭრა. თავდამსხმელები ბაზაზე ამერიკული ავტომობილების იდენტური ასლით შეიპარნენ. მათ ადგილზე მოკლეს ერთი ამერიკელი სამხედრო და დაატყვევეს ოთხი. რამდენიმე დღეში ოთხივე გატაცებულის ნაწამები სხეულები მიგდებულ ავტომობილში იპოვეს. 

მსგავსი შეტევების შემდეგ სოლეიმანი ამერიკელების ფოკუსში მოხვდა, მისი განეიტრალება კი აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხად იქცა. დევიდ პეტრეუსის თქმით, ყასემ სოლეიმანი 600-მდე ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. 

ყასემ სოლეიმანის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთ შეტევის დროს დაღუპული ამერიკელი სამხედროები

ერაყში აშშ-ის არმიის სპეციალურ დავალებათა შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, სტენლი მაკკრისტალის, თქმით, ერაყის ინტერვენციის წლებში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ყასემ სოლეიმანის ნეიტრალიზაცია აქტიურად განიხილებოდა. მაკკრისტალის თქმით, ერთერთ ასეთ სიტუაციაში სოლეიმანი ამერიკელებს ხელიდან ბოლო წუთებში დაუსხლტდა. 

ჩრდილოვანი მეთაური

ერაყში ამერიკული ინტერვენციის შემდეგაც ყასემ სოლეიმანი ჩრდილში რჩებოდა. დასავლეთში სოლეიმანის ხშირად ჩრდილოვანი მეთაურის მეტსახელით მოიხსენიებდნენ. აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ერაყელი პარლამენტარები, ჩინოვნიკები, მინისტრები პრაქტიკულად ყასემ სოლეიმანის სამსახურში იმყოფებოდნენ. პოლიტიკური ვითარების გარდა სოლეიმანი ერაყში ათეულობით გასამხედროებულ და მძლავრ ორგანიზაციას აკონტროლებდა. 

ყასემ სოლეიმანიზე საუბრისას მისი მოწინააღმდეგეები ხშირად აღნიშნავდნენ მის უნარს ძალიან მოკლე დროში მოეხდინა ბრძოლისუნარიანი და დისციპლინირებული დაჯგუფების ჩამოყალიბება. დროთა განმავლობაში ჩრდილოვანი გენერლის გავლენა ერაყის საზღვრებსაც გაცდა. 

სოლეიმანი თითქმის იმავე გავლენას ფლობდა ბეირუთში, ღაზას სექტორში და სანაში, რასაც თეირანში, თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები სირიის სამოქალაქო ომს უკავშირდება. მიიჩნევა რომ სოლეიმანიმ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადარჩენაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 

2005 წელს ბეირუთში ლიბანის პრემიერ-მინისტრი, რაფიკ ხარირი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ტერაქტის შემსრულებლები ჰეზბოლას წევრები იყვნენ, თუმცა მთავარი გამთამაშებლის როლი აქაც ყასემ სოლეიმანიმ შეასრულა.

1971 წელს ჰაფეზ ასადის მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ სირიას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ალავიტები მართავენ. ალავიტები მრწამსით უფრო ახლოს არიან შიიტებთან, ვიდრე სუნიტებთან. ამ და სხვა ფაქტორების გამოც სუნიტი არაბების გარემოცვაში მყოფი ირანისთვის, სირია რეგიონში მთავარი პარტნიორი იყო. 

ისტორიული ალიანსი 2011 წელს, მას შემდეგაც შენარჩუნდა, რაც სირიას არაბული გაზაფხულის ტალღა მოედო. ქვეყანა ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. დაიწყო სამოქალაქო მღელვარება, რომელსაც ბაშარ ასადმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტით უპასუხა. 

2011 წლის 15 მარტს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც დღემდე არ დასრულებულა და რომელსაც 500 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სამოქალაქო ომის ასეთ დრამატულ განვითარებაში ლომის წვლილი სწორედ ყასემ სოლეიმანის მიუძღვის. ასადისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მისი ერთადერთი მოკავშირე სწორედ ირანი იყო.

ყასემ სოლეიმანი შიიტურ სამხედრო დაჯგუფებასთან ერთად 2015 წელი, სირია

სოლეიმანი ადგილიდან ხელმძღვანელობდა როგორც თავის დაჯგუფებებს, ასევე ასადის არმიას. ირანელი გენერალი ხელმძღვანელობდა სირიის დემოკრატიული ოპოზიციის დევნასა და ფიზიკურ განადგურებას. 2015 წელს სოლეიმანისთვის ნათელი გახდა, რომ მისი ჩართულობის მიუხედავად, ასადის რეჟიმის შენარჩუნება ძალიან გაჭირდებოდა. მის მიერ კონტროლირებადი დიქტატორის გადასარჩენად სოლეიმანი მოსკოვში გაემართა. 

2015 წელს სოლეიმანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, სადაც პირადად შეხვდა ვლადიმერ პუტინს. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა რუსეთის ჩართვა სირიის სამოქალაქო კონფლიქტში. მარტივად რომ ვთქვათ, სოლეიმანიმ დაარწმუნა პუტინი, პირდაპირ დახმარებოდა მოსკოვისადმი ლოიალურ რეჟიმს. 

რუსულ-ირანული ალიანსი ასადის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი გახდა, თუმცა ამ დახმარების შედეგად ასადი ფაქტობრივ მარიონეტად ჩამოყალიბდა. 

ბრძოლა ისლამურ სახელმწიფოსთან

ყასემ სოლეიმანი ხელმძღავენობს ოპერაციას დაეშის წინააღმდეგ 2014 წელი ერაყი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე თითქმის ყველა სამხედრო დაპირისპირების მსგავსად, სოლეიმანის როლი დიდი იყო 2014-2017 წლებში დაეშთან მიმდინარე ბრძოლაშიც. მოცემული პერიოდი ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც აშშ და ირანი ნომინალურად ერთ მხარეს იბრძოდნენ. 

ტერორისტებთან ომმა რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფო მოიცვა. ისლამურ სახელმწიფოსთან ომი სოლეიმანისთვის გამოწვევასთან ერთად ახალი შესაძლებლობაც იყო. მას ეძლეოდა შანსი, კიდევ უფრო გაემყარებინა საკუთარი გავლენა მთელ რეგიონზე და ასეც მოხდა. ირანის მთავარი რეგიონული პროექტის, ჰეზბოლას, გარდა, სოლეიმანი აქტიურად ეხმარებოდა და აიარაღებდა ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებას, სირიაში, ერაყში, იემენში, ლიბანსა და ლიბიაში. 

ერაყის კამპანიისგან განსხვავებით, სირიაში სოლეიმანიმ ჩრდილიდან გამოსვლა არჩია. იგი პირადად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. მეტიც, ერთ დროს ჩრდილში მყოფი გენერალი სხვადასხვა დაჯგუფებასთან ერთად სელფების გადაღებასაც არ ერიდებოდა. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებამ კიდევ უფრო გაამყარა სოლეიმანის გავლენა ირანში. ამ პერიოდიდან იგი პრაქტიკულად ქვეყნის პრეზიდენტზე უფრო დიდ გავლენას ფლობდა - სოლეიმანი ირანის ნაციონალურ გმირად ჩამოყალიბდა. 

შეიქმნა რამდენიმე ვიდეო თამაში, რომელშიც ძლევამოსილი გენერალი პირადად ანადგურებდა ამერიკულ ავიამზიდებს. ბოლო წლებში სოლეიმანი თავისი გავლენის პიკში იმყოფებოდა, ირანში მიმდინარეობდა საუბრები მის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე. 

დასავლეთისთვის ირანისგან მომავალმა საფრთხემ სახე შეიძინა.

"ეს მუქარაა"

ბოლო 20 წლის განმავლობაში ყასემ სოლეიმანის მთავარი მიზანი ისრაელთან პირდაპირი სახმელეთო ხაზის შექმნა იყო. ამ წლების განმავლობაში ირანი აშშ-ის მთავარი პარტნიორის რკალში მოქცევას ცდილობდა. ისრაელთან დაპირისპირების თემაზე რეფერირებს დანაყოფის სახელწოდება, რომელსაც სოლეიმანი მეთაურობდა. "ალ-ყუდსი" იერუსალიმის ერთერთი არაბული დასახელებაა.

იმის გათვალისწინებით, რომ ერაყში, სირიასა და ლიბანში ყასემ სოლემაინის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები არიან, ეს მიზანი შეგვიძლია, შესრულებულად მივიჩნიოთ. 

თვეზე მეტია, ერაყში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. თანამდებობის დატოვება მოუწია ერაყის პრემიერმინისტრს. მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარება და ყოვლისმომცველი კორუფციაა. 

ერაყში მიმდინარე პროტესტმა მალევე ანტისამთავრობოსთან ერთად, ანტი-ირანული ხასიათიც მიიღო. 27 ნოემბერს შიიტმა დემონსტრანტებმა დაწვეს ირანის საკონსულო ნაჯაფში, მათ საკონსულოდან ჩამოხსნეს ირანის დროშა და მის ნაცვლად ერაყის დროშა აღმართეს. ეს არ იყო ანტი-ირანული პროტესტის პირველი შემთხვევა - 2018 წლის სექტემბერში იმავე შიიტურმა მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა ირანის საკონსულოს შენობას ბასრაში. დემონსტრანტები ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში ირანის მზარდ როლს აპროტესტებდნენ. 

წმინდა ქალაქ ნაჯაფში გადამწვარი ირანის საკონსულო

ამგვარად სოლეიმანისა და ირანის გავლენას ერაყში ფუნდამენტური საფრთხე შეექმნა. ეს ამბავი, შესაძლოა, ნათლად წარმოაჩენდეს ხშირად გაზვიადებულ წარმოდგენებს, რომელიც სოლეიმანის შესახებ ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, ერაყში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, სოლეიმანიმ აქტიური მოქმედება გადაწყვიტა. სწორედ მისი გააქტიურების შედეგი იყო 27 დეკემბერს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული შეტევაც, რომელსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. 

სოლეიმანი თავისი მარიონეტების გამოყენებით შეეცადა, პროტესტის მიმართულება შეეცვალა და უკმაყოფილო ხალხის მრისხანება ირანიდან ამერიკაზე გადაეტანა. ამის გამოვლინება იყო 31 დეკემბერს აშშ-ის საელჩოზე მიტანილი შტურმიც, რომელსაც სოლეიმანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები მართავდნენ. 

საელჩოს შტურმს მალევე დონალდ ტრამპის რეაქცია მოჰყვა. საკუთარ ტვიტში აშშ-ის პრეზიდენტმა საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში ირანი პირდაპირ დაადანაშაულა.

"ადამიანურ მსხვერპლზე და დაზიანებულ საკუთრებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. მათ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს არ არის გაფრთხილება, ეს მუქარაა", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

2018 წელს მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით, აშშ-მა ყუდსი ტერორისტულ ორგანიზაციების. სიაში შეიყვანა. ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სოლეიმანი აშშ-ის ოფიციალურ სამიზნედ იქცა. ბოლო დღეებში ერაყში განვითარებული მოვლენების ფონზე სოლეიმანი იძულებული გახდა, აქტიურ მოქმედებებზე გადასულიყო, რაც ირანელი გენერლისთვის საბედისწერო შეცდომად იქცა. 

ავტომობილის ნარჩენები, რომელშიც ყასემ სოლეიმანი იჯდა

მომხდარს მსოფლიოსთვის მოულოდნელობის ეფექტი ჰქონდა. ამის მიზეზი ისაა, რომ სოლეიმანი სხვა ტერორისტებისგან განსხვავებით, სახელმწიფო პოსტს იკავებდა და მისი ლიკვიდაცია მეტ სიფრთხილეს მოითხოვდა. მომხდარი, შესაძლოა, მოულოდნელი ყოფილიყო ტრამპის ახლო აღმოსავლური რიტორიკის ფონზე.

უკვე დიდი ხანია ამერიკელი პრეზიდენტი რეგიონიდან ამერიკული ჯარების გაყვანაზე საუბრობს. მიუხედავად ამისა, ირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკა თავიდანვე თანმიმდევრულობთ გამოირჩეოდა. ამიტომაც სოლეიმანის მკვლელობა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკის ლოგიკური შემადგენელია. 

რას უნდა ველოდოთ

რა თქმა უნდა, სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ ვითარება უკიდურესად გამწვავდა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომი მაინც ნაკლებად მოსალოდნელია. ცხადია, არსებობს შეტაკებების რისკი ცალკეულ წერტილებში. განსაკუთრებით მაღალია დაპირისპირების საფრთხე ერაყსა და ჰორმუზის სრუტეში, რომელზეც ნავთობის სავაჭრო მთავარი გზა გადის. 

ამავდროულად მოსალოდნელია სხვადასხვა მარიონეტული სამხედრო დაჯგუფების გააქტიურება ისრაელის მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც ირანის გავლენა ძალიან დიდია. ირანიდან გავრცელებული მუქარების შემდეგ აშშ-მა უკვე გააგზავნა 3 000-ზე მეტი სამხედრო ახლო აღმოსავლეთში. 

მათი უმეტესობა ერაყში და ქუვეითში განთავსდება. ირანის შესაძლო რეაქცია ქვეყნის უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და შიდა დაძაბულობითაა შეზღუდული. საქმე ისაა, რომ 2019 წელს ინფლაციამ ირანში 47%-ს გადააჭარბა. მაღალ ნიშნულზეა უმუშევრობაც, ასევე, შეინიშნება პირველადი მოხმარების პროდუქტების მწვავე დეფიციტი.

15 ნოემბრიდან მოყოლებული ირანში ფართო საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა. პროტესტის მიზეზი საწვავზე ფასის ზრდა გახდა. ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროტესტი ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. არნახულია მსხვერპლის რაოდენობაც -Reuters-ის ცნობით, ბოლო თვეებში მიმდინარე პროტესტების დროს 1 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ფოტო ირანში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო დემონსტრაციიდან

ირანი დიდწილად მოკლებულია შესაძლებლობას, აშშ-ისთან ფართო სამხედრო დაპირისპირება აწარმოოს, მაგრამ კიდევ უფრო რთული წარმოსადგენია ვითარების დეესკალაციაც. ირანი თავისი მარიონეტების დახმარებით შეეცდება გაუსაძლისი გახადოს აშშ-ის ყოფნა ახლო აღმოსავლეთში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები