ჩინეთი

ჩინეთმა New York Times-ის მიერ სინძიანზე მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნება დაგმო

სი ძინპინი
Getty Images

ჩინეთის მთავრობამ სინძიანში უიღურების მასობრივი დაკავების ცენტრების შესახებ მოპოვებული 400-გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნება დაგმო, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დოკუმენტების ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს და თქვეს, რომ გამოცემამ ბრალდებები შეთხზა რათა ჩინეთის ანტი-ტერორისტულ კამპანიას ძირი გამოუთხაროს.

ეს ჩინეთის მთავრობის შიგნიდან მსგავსი ტიპის დოკუმენტების გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. დოკუმენტებში ჩანს როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავის ცენტრების არსებობას უარყოფთა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს "ტერორისტების" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით რეპრესიებში მოყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით დოკუმენტები მათ ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა პირმა გადასცა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ისინი ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძრითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში მანდარინი უნდა ისწვლებოდეს და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

სინძიანში ჩინეთის ქმედებები დაგმეს აშშ-მა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, თუმცა ზოგიერთი მუსლიმური ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ბიზნესს აწარმოებს მკაცრი კრიტიკისაგან თავს იკავებს, მათ შორის, პაკისტანი, კატარი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.

კომენტარები