ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

ევროპარლამენტარი: ვითხოვთ კანონის უზენაესობას და სანდო, დამოუკიდებელ სასამართლოს

ვიოლა ფონ კრამონი

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბარში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა პოლიტიკური პატიმრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში სანდო და სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობა, რაც აუცილებელი წინაპირობა იქნება კანონის უზენაესობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისათვის:

"ჯერ ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას და სანდო, დამოუკიდებელ სასამართლოს, დამოუკიდებელ მოსამართლეებს და შემდეგ, რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს მთავრობის გადასაწყვეტი არაა, მოსამართლეების გადასაწყვეტია. ამიტომ გვჭირდება კარგი, სანდო სამართლებრივი სისტემა. ასევე ვსაუბრობთ მოსამართლეების შერჩევაზე უზენაესი სასამართლოსათვის. გამჭვირვალე პროცედურა გვსურს, კვალიფიცირებული პირები. ამის შემდეგ შეგვიძლია კანონის უზენაესობის იმედი გვქონდეს." თქვა მან.

პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით კრამონ-ტაუბადელი ამბობს, რომ პირველ რიგში კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაა აუცილებელი და ამასთან ერთად რაც შეიძლება მალე პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს.

"ჩვენ მივიღეთ სახელების სია და თუ იქნება მტკიცებულება, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია, რომ დაჟინებით მოვითხოვოთ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პროცედურების გაუმჯობესება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რაც შეიძლება მალე. თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მივიღეთ სია და ვეყრდნობით საქართველოს სასამართლოს შეფასებას." ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არაერთმა ევროპელმა პარლამენტარმა გააკეთა აქცენტი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და სამართლიანი სასამართლო სისტემის აუცილებლობაზე. მათ შორის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. მან თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს.

ევროპარლამენტარმა, პეტრას ოუშტრავიჩუსმა მთავრობას მოუწოდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, რომლებიც მიმდინარე წელს დააკავეს. ევროპარლამენტარმა რამონა სტრუგარიუმ კი თქვა, რომ ფუნდამენტურია ფოკუსი იყოს კანონის უზენაესობაზე და მოსამართლეების არჩევის პროცესის თავისუფლებაზე. მან თქვა, რომ თუ ხალხი მშვიდობიან პროტესტს მიმართავს, მათ დემოკრატიის დასაცავად ქუჩაში დარჩენის საშუალება უნდა მიეცეთ.

"შეუძლებელია 2019 წელს პოლიტიკური პატიმრები გყავდეს, რადგან ისინი თავისუფალი არჩევნებისათვის იბრძვიან." თქვა მან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 8 დეკემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები