არჩევნები დიდ ბრიტანეთში

მარცხის შემდეგ კორბინი მომდევნო არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აღარ იქნება

ჯერემი კორბინი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში მარცხის შემდეგ თქვა, რომ ეს მისი პარტიისათვის დიდი იმედგაცრუებაა და შემდეგ არჩევნებში პარტიის ლიდერი აღარ იქნება.

კორბინის თქმით პარტიის ლიდერად არჩევნების შედეგების გადააზრების პროცესში დარჩება. მას მიაჩნია, რომ ბრექსითის საკითხმა პოლიტიკის პოლარიზება გამოიწვია და ნორმალური პოლიტიკური დებატები გადაფარა. მან თქვა, რომ პარტიის მანიფესტს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და კამპანიის პერიოდში მისი პარტიის მიმართ მედიის ქცევა გააკრიტიკა.

"ბრექსითმა ისეთი პოლარიზებული გახადა და ისე დაყო დებატები ამ ქვეყანაში, რომ ნორმალური პოლიტიკური დებატები გადაფარა. ვაღიარებ, რომ ამან ხელი შეუწყო ლეიბორისტული პარტიისათვის ამ შედეგის დადგომას."

თუმცა როგორც თავად პარტიაში, ასევე მის გარეთაც, ნაწილს მიაჩნია, რომ მარცხის მიზეზი კორბინის ცუდი ლიდერობა და სტრატეგია იყო. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 2017 წელს მოგებული ოლქები დაკარგეს კორბინს მოუწოდეს პარტიის ლიდერის პოსტი რაც შეიძლება მალე დატოვოს. პარტიაში ნაწილს მიაჩნია, რომ ლიდერი მომდევნო შემოდგომაზე პარტიის კონფერენციაზე უნდა აირჩიონ, თუმცა ნაწილი შიშობს, რომ ეს მაისში ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე ცუდად აისახება.

650-დან 642 ოლქის შედეგები უკვე დათვლილია. კორბინის პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ეს 1935 წლის შემდეგ პარტიისათვის ყველაზე ცუდი შედეგია.

კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 358 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 32 ადგილით მეტი.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ჯამში 48 წევრს შეიყვანს პარლამენტში, რაც წინა ჯერთან შედარებით 13-ით მეტია. ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ დემოკრატებისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ორპარტიული ჰეგემონიის გარღვევის ნაცვლად, მათ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ 11 წარმომადგენელი შეჰყავთ.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმებოდა, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენდა. პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა. ჯონსონის კამპანიის სლოგანი იყო "შეასრულე ბრექსითი". მისი მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი კი მიიჩნევდა, რომ ბრექსითის გეგმა რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გაუქმებაც კი მოჰყოლოდა.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები