14 დეკემბრის აქცია

ოცნების აქციაზე ნაჩვენებ ევროპასთან დაახლოვების ამსახველ ვიდეოში 2003-2012 წლები გამოტოვებულია

Emerging Europe

ქართული ოცნების აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოს ევროპასთან დაახლოვების პროცესის ამსახველი ვიდეო რგოლი გაუშვეს, რომელშიც უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მიღწევებია გამოყოფილი ამ მიმართულებით. ვიდეო რგოლში 2003-2012 წლები გამოტოვებულია. 

"უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, რითაც მნიშვნელოვნად დაუახლოვდა საერთაშორისო თანამეგობრობას"- ამ სიტყვებით იწყება ვიდეო რგოლი. 

ჩამოთვლილია 1997 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა;

1999 წელს, 27 აპრილს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება;

შემდეგი თარიღი პირდაპირ 2014 წლის 27 ივნისია, როცა ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით;

შემდეგ გრძელდება:

2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება;

ვიდეო რგოლი მთავრდება დღევანდელი აქციის ოფიციალურად გაცხადებული მიზეზის ხაზგასმით, რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო პირველად არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომა მხოლოდ და მხოლოდ ანბანურ თანმიმდევრობაზეა დამოკიდებული. ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ სტატუსს საფრანგეთი ატარებდა და რადგანაც ინგლისურ ანბანში F - ის შემდეგ G ასო-ბგერა მოდის და რადგანაც საქართველოს ინგლისური სახელწოდება არის Georgia, ჩვენს მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ მოგვიწია კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსი. 

 

კომენტარები