ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა

100 პროპორციული, 50 მაჟორიტარი - "ოცნების" ახალი წინადადება საარჩევნო სისტემაზე

ქართული ოცნება ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ესაა იმ წინადადების მთავარი შინაარსი, რაც "ოცნებამ" დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა. 

მმართველი გუნდის ახალ წინადადებაზე ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბრიფინგზე ისაუბრა.

თალაკვაძემ თქვა: 

"პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი". 

მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, დღეს, 20 დეკემბერს ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდა. 

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ოპოზიციის შეთავაზება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება". 

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები