საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი საბანკო რეგულაციებზე: იპოთეკების ნაწილში გადავაჭარბეთ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, იპოთეკების ნაწილში რეგულაციებს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და თვლის, რომ ამ მხრივ მთავრობამ ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა:

"მე პირველი დღიდან ვიყავი ერთმნიშვნელოვნად მოწინააღმდეგე, შიგნით ამ პოზიციას გაცილებით აქტიურად ვაფიქსირებდი, ვიდრე საჯაროდ, ეს იყო, რასაკვირველია, იპოთეკების ნაწილი. დღესაც მჯერა, რომ მანდ მანდ არ იყო “ბუშტის” რისკი, არც სამშენებლო სექტორში და არც საფინანსო სექტორში. მე მგონია, რომ ამ “ბაბლის” რისკი ჯერ კიდევ ბევრი წელი არ იქნება. შესაბამისად, მგონია, რომ მანდ ზედმეტი იყო და ზედმეტი სიფრთხილე იყო. გადავაჭარბეთ, ერთმნიშვნელოვნად და მერე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილება და ეხლა არის თუ არა საკმარისად შერბილებული, შეგიძლიათ, სექტორს ესაუბროთ." - ამბობს მაჭავარიანი.

19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი 2019 წლის იანვარში შემოღებული საბანკო რეგულაციების შერბილებას გეგმავენ.

"ბანკებს მეტი მოქნილობის უფლებას მივცემთ მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის შემოსავლის ჩარჩოების შემცირებით. ამასთან, ჩვენ წარვადგენთ უფრო რისკების მართვის უფრო ქმედით მოთხოვნებს კონკრეტულად მომხმარებლების დაკრედიტებისთვის." - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება.

კომენტარები