თბილისის მერია

დიღმელაშვილი: ივანიშვილი ცრუმორწმუნეა და არ უნდოდა, ახალ წელს შეხვედროდა პროტესტის ფონზე

სირცხვილიას ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხელოსუფლებამ ახალი წლის წინა ღამეს ქურდულად მოიპარა პირადი საკუთრება - ჯებირები, კარვები, უკანონოდ დააკავეს ათზე მეტი მშვიდობიანი აქტივისტი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.

"დაგვარბიეს და იმ ადგილზე, სადაც 6 თვის წინ, უდანაშაულო ადამიანებს სისხლი სდიოდათ, საბავშვო ატრაქციონებს დგამენ. ეყოთ ცინიზმი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ადგილას საბავშვო ატრაქციონი დაედგათ" - აღნიშნა დიღმელაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

სირცხვილიას ორგანიზატორის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი "ცრუმორწმუნე ადამიანია და არ უნდოდა, ახალ წელს შეხვედროდა პროტესტის ფონზე".

"უკაცრავად, ვერ მივცემთ ამ ფუფუნებას, აქ მოვალთ და აქედან მივულოცავთ ქართულ საზოგადოებას, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ომი და უნდა გაასაღოს ისე, თითქოს საზოგადოების ორი მხარეა დაპირისპირებული, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მთელ საზოგადოებას" - ამბობს დიღმელაშვილი.

მისი თქმით, პირველ რიგში დაკავებულების ადგილმდებარეობის გარკვევას აპირებენ.

"ამას არ ვაპატიებთ და კონკრეტულ გეგმებს ჩვენს გვერდზე გამოვდებთ" - აღნიშნავს დიღმელაშვილი.

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათ ასევე აიღეს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გაშლილი კარავი. მას ნახევარი საათი მისცეს, რომ ნივთები ტერიტორიიდან გაეტანა. თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მანქანისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

თბილისის მერიის განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობას აპირებენ. მათი მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

"ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავიღეთ ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებს თბილისის მერია. 

საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. პოლიციამ ათამდე მათგანი დააკავა.

კომენტარები