ჰონგ-კონგი

პეკინმა ჰონგ-კონგში მისი მთავარი წარმომადგენელი შეცვალა

ჰონგ-კონგში ჩინეთის სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელად ლუო ხუინინგი დანიშნეს. სამეკავშირეო ოფისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოსთან პირდაპირი კავშირი აქვს, რაც ქალაქში პეკინის გავლენისთვის მთავარი პლატფორმაა.

პროტესტისა და ჰონგ-კონგის საოლქო საბჭოს არჩევნებში პრო-პეკინელი კანდიდატების მარცხის ფონზე პეკინმა ხუინინგით მისი წინამორბედი ვანგ ჭმინი ჩაანაცვლა, რომელიც ყველაზე მცირე ვადით იკავებდა ამ თანამდებობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი.

სიტყვით გამოსვლაში ხუინინგმა აღნიშნა, რომ გასული ნახევარი წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბები სამწუხაროა და იმედოვნებს, რომ ჰონგ-კონგი მალე დაუბრუნდება "სწორ გზას".

ის პირველია ამ თანამდებობაზე, ვისაც ჰონგ-კონგში ან ჰონგ-კონგის მსგავს ფინანსურ ჰაბში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ის ასევე პირველია, ვისაც ადგილობრივ მმართველობაში ერთერთი საუკეთესო გამოცდილება აქვს. 

ხუინინგი ცნობილია როგორც პარტიის და სი ძინპინის ერთგული პირი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა კომუნისტური პარტიის დავალებებს. ადრე ის ჩინეთის დასავლეთში ცინხაის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მდივანი იყო. ცინხაი დალაი ლამას დაბადების ადგილია და ეს პროვინცია ჩინეთში ერთერთი ყველაზე ღარიბია, ხუინინგი ცინხაიში ათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა და მის სახელს უკავშირდება პროვინციის სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

2016 წლიდან ამ წლის ნოემბრამდე ის ჩინეთის შაანსის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მდივანი იყო, სადაც კორუფციას წარმატებით ებრძოდა. მას შემდეგ ის ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს ფინანსურ და ეკონომიკურ კომიტეტში გადაიყვანეს და სწორედ ამის შემდეგ მალევე ჰონგ-კონგში გააგზავნეს.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისიდან მილიონობით ჰონგ-კონგელი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და პროდემოკრატოულ ცვლილებებს ითხოვს. ჰონგ-კონგელები პროტესტს არ წყვეტენ.

კომენტარები