ეხო კავკაზას ინფორმაციით, ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლები მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობენ. ისინი დე-ფაქტო არჩევნების უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.
პროპაგანდისტული Sputnik Abkhazia კი იუწყება, რომ აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ ფანჯრიდან შენობაში შესვლა მოახერხა.
დე-ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მარიონეტული პრეზიდენტის ე.წ არჩევნებში კვლავ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის დაწყებამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას, სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.
ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.