20 ივნისი

"ხელისუფლების დამხობის საქმე" - შსს 20 ივნისზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. შსს-ს აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი არხის ეთერში ნათქვამი ფრაზა საკმარის საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა "სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა". სააკაშვილის განცხადებას შსს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეისწავლის ( სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სსკ-ის 225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობა).

"გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის [რეჟიმი] წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, -  აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

გუშინ, 12 იანვარს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში თქვა:

"წკიპზე იყო ივანიშვილი 20 ივნისს, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვიღაცას შეთქმულება ჰქონდა, თავის თავს ამხობდა თვითონ სხვათაშორის. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება".

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად - რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. 

ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. მათი ნაწილი დღემდე პატიმრობაში რჩება. 

კომენტარები