არჩევნები 2020

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს - "ოცნება" - 20%, ენმ - 13%, ევსაქები - 8%, ლეიბორისტები - 5%

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% - ევროპულ საქართველოს, 5% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - პატრიოტთა ალიანსს, 3-3% - ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, ხოლო 2% - გირჩს. გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემს ხმას, ასევე 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 12%-მა არ იცის.

NDI-მ გამოკითხვა ახალი მეთოდით ჩაატარა - რესპონდენტს მისცა პლანშეტი, სადაც გამოკითხულმა თავად მონიშნა პასუხი. ჩამონათვალი იმ პარტიებისგან შედგებოდა, ვინც წინა კვლევაში 1%-მა მაინც დაასახელა.

რაც შეეხება ძველ მეთოდს, როცა კითხვაზე უნდა ეპასუხათ, 22% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემს, 13% - ენმ-ს, 4% - ევროპულ საქართველოს, 1% - ლეიბორისტულ პარტიას, 17% - არც ერთი პარტია, 24% - "არ ვიცი", ხოლო 8% - უარი პასუხზე.

ასევე, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 65% მიიღებდა. აქედან 49%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, ხოლო 48%-ს - არა. 

NDI-ის გამოკითხვის მიხედვითვე (ახალი მეთოდით), გამოკითხულთა 20%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% - ენმ-ს, 7% - ევროპულ საქართველოს, 6% - ლეიბორისტულ პარტიას, 5% - პატრიოტთა ალიანსს, 4% - ახალ საქართველოს, 3% - ერთიან საქართველოს, 2% - გირჩს. 14% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 6%-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

რაც შეეხება ძველ მეთოდს, თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას 21% ასახელებს, ენმ-ს - 14%, ევროპულ საქართველოს - 6%, ლეიბორისტულ პარტიას - 2%, არც ერთ პარტიას - 37%.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები