გენერალური პროკურორი

დასრულდა გენ.პროკურორის კანდიდატურის შესარჩევი საჯარო კონსულტაციები - შეირჩა 17 კანდიდატი

მთავარი პროკურატურა

საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. მათი სია ასე გამოიყურება:

გრიგოლ გაგნიძე, რაულ გამისონია, სოფიო შენგელია, პაატა გაბელია, ფიქრია ზირაქაშვილი, ვალერიან ვაჭარაძე, მერაბ გამყრელიძე, დავით კოდანაშვილი, ირაკლი შოთაძე, დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, კობა კობახიძე, დარიკო თორდია, ვალერი კვანტალიანი, გელა ჩივაძე, რამაზ ჩინჩალაძე და ალექსანდრე კობაიძე.

ამ 17 კანდიდატიდან საპროკურო საბჭომ სამი უნდა შეარჩიოს, შემდეგ კი სხდომაზე ცალ-ცალკე უყაროს კენჭი. არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

წარდგენილი კანდიდატებიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოჰყვა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კი დღეს, 17 იანვარს განაცხადა, რომ შოთაზე "ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალი" არის.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

 

კომენტარები