პრეზიდენტის განცხადება ევროსაბჭოზე

ზედელაშვილი: რუსი დელეგატების შემოშვება მთავრობის დისკრეციაა, თუმცა ამის დასაბუთება არ აქვთ

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი განმარტავს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა. 

ტაბულა ზედელაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გაესაუბრა, რომელმაც 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი პარლამენტარის კითხვის პასუხად თქვა, რომ "საქართველო ამ შემთხვევაში გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ხალხს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის და ჩვენი ტერიტორიის გავლის გარეშე შევიდა, საქართველოში შემოსვლას უკრძალავს". 

ზედელაშვილი განმარტავს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევების ქვეყანაში შემოსაშვებად და მათ მიმართ დევნის არდასაწყებად კანონის შეცვლა ან დარღვევა საჭირო არ არის, რადგან შესაბამისი დისკრეცია მთავრობასა და პროკურატურას გააჩნია, თუმცა ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, რომ დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა. 

"ორივე შემთხვევაში არსებობს დისკრეციის განხორციელების სამართლებრივი სტანდარტები, ისევე, როგორც ზოგადი ვალდებულება, რომ გადაწყვეტილება საჯარო ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს,"- ამბობს ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირების შემოშვებასთან დაკავშირებით "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ე და ვ ქვეპუნქტებია რელევანტური. 

მათ შესაბამისად, უცხოელს შემოსვალზე შეიძლება უარი, ეთქვას თუ:

ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა. 

"ეს საფუძვლები იმდენად ცხადია რუსი თანამდებობის პირების შემთხვევაში, რომ მათი ქვეყანაში დაშვების გადაწყვეტილების გამართლება შეუძლებელი იქნება. საპროკურორო დისკრეციის გამოყენების დროს ასევე საჭიროა საჯარო ინტერესებით ხელმძღვანელობა, სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევი რუსი თანამდებობის პირების მიმართ დევნის არგანხორციელება კი არ შეიძლება, რომ საჯარო ინტერესების რომელიმე ბალანსით გამართლდეს,"- ამბობს ზედელაშვილი. 

როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც საქართველოს ანბანური პრინციპით მოუწია, მაისში თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს, რომლის დელეგაციის მონაწილეებიც ასევე იქნებიან რუსი მაღალჩინოსნები. 

სწორედ ამ საკითხს ეხებოდა რუსი პარლამენტარის, ალექს კალაშნიკოვის, კითხვა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი.

ქართული ოცნების ლიდერები პირდაპირ არ საუბრობენ, დაუშვებენ, თუ არა ქვეყანაში დელეგაციის იმ წევრებს, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, თუმცა ისინი ევროსაბჭოს მოთხოვნებზე აპელირებენ და ამბობენ, რომ მაისში ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას "ყველა წევრი ქვეყნის დელეგაცია" უნდა დაესწროს.

ზედელაშვილის განმარტებით, საქართველოს მიერ ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საგარო პოლიტიკის განხორციელების იმპერატივები წონადი კონტრარგუმენტი ვერ იქნება. 

"საქართველოს შეუძლია აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას სხვა გზებითაც მიაღწიოს და საერთაშორისო პოლიტიკის მოქნილობა ამის შესაძლებლობას იძლევა," - განმარტავს ზედელაშვილი. 

კომენტარები