სანქციები

აშშ-მა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს

0 კომენტარი
ფოტო: Public Radio International

29 იანვარს აშშ-მა დამატებით რვა პირს და ერთ ორგანიზაციას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს. აშშ-ის მსგვსად სანქციები კანადამაც გააფართოვა.

აშშ-ის სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას. ამერიკელებს და ამერიკულ ბიზნესებს მათთან ნებისმიერი სახის ტრანზაქციის განხორციელება ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ მათგან შვიდს გუშინ ევროკავშირმაც დაუწესა სანქციები.

"სახაზინო დეპარტამენტის ნაბიჯით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადავდგით, მხარს ვუჭერთ ყირიმში თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების აღდგენას," - თქვა სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

მისი თქმით, აშშ-ის, ევროკავშირის და კანადის კოორდინირებული ქმედებები ზღუდავს აღნიშნულ არალეგიტიმური მაღალჩინოსნების მიერ საერთაშორისო მასშტაბით ბიზნესის კეთების შესაძლებლობას და ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერეს რუსეთის აგრესიის პირისპირ.

სანქცირებული პირები არიან ანექსირებული ყირიმის ე.წ. პრემიერმინისტრი იური გოტანიუკი, სევასტოპოლის ე.წ. მთავრობის წევრი მიხაილ რაზოშაიევი, ე.წ. საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ნემცოვი, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. თავმჯდომარე სერგეი დანილენკო, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. ვიცე თავმჯდომარე ლიდია ბასოვა, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. მდივანი ეკატერინა პირკოვა, სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი ფედერალური საბჭოს წევრი ეკატერინა ალტაბაევა.

ამას გარდა, ამერიკის სანქციები შეეხო მოსკოვში დაფუძნებულ სარკინიგზო კომპანიას Grand Service Express და მის ხელმძღვანელს ალექსანდერ განოვს. კომპანიამ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთიდან ქერჩის სრუტის გავლით ანექსირებულ ყირიმამდე სამგზავრო მატარებლის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

რაც შეეხება კანადას, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არალეგიტიმური ქმედებების განხორციელებისთვის სანქციები 6 პირს შეეხება.

"უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის კანადის მხარდაჭერა ურყევია," - თქვა მინისტრმა.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული საქნციების სია სულ უფრო ფართოვდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები