აშშ - ირანი

აშშ-მა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
ჰასან როუჰანი ფოტო: AFP

31 იანვარს აშშ-ში განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის პროვოკაციული ბირთვული ესკალაციის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას (AEOI) და მის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის სანქციები დაუწესა. 

სანქციები მოიცავს მასობრივი განადგურების იარაღის გამავრცელებლების და მათი მხარდამჭერების აქტივების გაყინვას და ფინანსურად იზოლაციას. ასევე ამერიკელებს მათთან ტრანზაქციის განხორციელება ეკრძალებათ.

მაიკ პომპეოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ მზადაა ნებისმიერი საჭირო ქმედებისთვის, რათა ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ AEOI-ს ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების ვალდებულების შეუსრულებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის - "მაგალითად, ურანის მარაგის და მისი გამდიდრების ლიმიტის გადაჭარბება".

პომპეო ამბობს, რომ ურანის გამდიდრებისთვის სალეჰიმ პირადად გახსნა ახალი ცენტრიფუგები.

"ირანის ბირთვული ესკალაცია ხაზს უსვამს იმ სერიოზულ გამოწვევას, რასაც ირანის რეჟიმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს. დროა საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგეს ირანის ბირთვული შანტაჟის წინააღმდეგ. თუ მსოფლიო შეშფოთებულია ირანის ახლანდელი ქცევით, უნდა გაითვალისწინოს როგორ მოიქცევა ირანი ბირთვული იარაღით," - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის განცხადებაში.

"აშშ-მა ირანზე ასევე განაახლა ოთხი ახალი ბირთვული აკრძალვა დამატებით 60 დღით," - პომპეო წერს, რომ აშშ ახლოდან აკონტროლებს ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას.

6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც მისგან ბენეფიტებს მიიღებს.

ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არაა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანი მის პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საჭიროა ახალი, უფრო სამართლიანი და ეფექტური შეთანხმების შემუშავება. მის იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც თქვა, რომ წინ წასვლის გზა ახალი, "ტრამპის შეთანხმებაა".

22 იანვარს როუჰანიმ ევროპას მოუწოდა, რომ აშშ-ისთვის არ მიებაძათ და ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის ძირი არ გამოეთხარათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები