ლუკა სირაძის საქმე

ლუკა სირაძის დაკითხვისას სხვა პოლიციელების გადაცდომებზე ინსპექტორმა გენინსპექციას მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმე სასამართლოში არსებითად განსახილველად გაგზავნა. ასევე, გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით.

სამსახურმა ჩოლოიანის მიმართ საქმის გამოძიება სსკ-ის 335-ე, ჩვენების იძულების მუხლით, 2019 წლის 12 დეკემბერს საია-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

უწყება აღნიშნავს, რომ საქმის ფარგლებში 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და ბრალი ორ ეპიზოდში წარუდგინა.

კერძოდ, მარიანა ჩოლოიანისთვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლუკა სირაძე და მისი კანონიერი წარმომადგენელი.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორი მიუთითებს, "ნაცვლად იმისა, რომ ჩოლოიანს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა.

აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა ჩოლიანმა არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე.

კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით, უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება. სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.

როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე.

კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით", - წერია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

კომენტარები