სირია

ერდოღანი: თუ თურქი ჯარისკაცები დაშავდებიან, ასადის რეჟიმის ძალებს ყველგან დავარტყამთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ თუ სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაშავდებოდა ასადის რეჟიმის ძალებზე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შეტევას განახორციელებდნენ:

"თუ ჩვენს ჯარისკაცებს სადამკვირვებლო პოსტებზე ან სხვაგან უმცირესი დაზიანებაც კი მიადგებათ ვაცხადებ, რომ ასადის რეჟიმის ძალებს ყველგან დავარტყამთ, მიუხედავად იდლიბში გავლებული საზღვრების და სოჭის შეთანხმებისა. ჩვენ ამას ყველა საჭირო საშუალებით განვახორციელებთ, როგორ სახემელთო, ასევე საჰაერო, ყოყმანის და დაყოვნების გარეშე. ჩვენ გავუგზავნეთ მესიჯი ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უდისციპლინოდ იქცევიან და ასადის რეჟიმს თავდასხმის გამართლების საშუალებას აძლევენ, რომ ვიმოქმედებთ კომპრომისების გარეშე." თქვა მან.

პარალელურად კრემლში განაცხადეს, რომ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენები სატელეფონო საუბარში განიხილეს და სირიაში რუსეთისა და თურქეთის შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში თურქეთის არმიამ 51 სირიელი ჯარისკაცი მოკლა.

ამავდროულად, განადგურებულია ასადის არმიის ორი ტანკი, იარაღის საწყობი და საზენიტო დანადგარი, კიდევ ერთი ტანკი თურქული არმიის ტყვეობაშია. წინა დღეებში თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ორი განადგურებული სირიული ვერტმფრენის შესახებ განაცხადეს. 

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 თებერვალს, ტაფტანაზში თურქეთის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

შემთხვევის შემდეგ, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკების მკვლელობა სირიის რეჟიმს ძალიან ძვირი დაუჯდება.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

კომენტარები