სირია

ასადის რეჟიმის ძალებმა რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ალეპოს პროვინციის ნაწილი აიღეს

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა ალეპოს პროვინციის ნაწილი აიღეს და ამბოხებულები გააძევეს. ალეპოს პროვინციაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა. მათ დაბომბეს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ადანანი, რომელიც მოგვიანებით ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად ასადის ძალებმა აიღეს. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით ასადის ძალებმა ალეპოს პროვინციაში სულ 13 ქალაქი და სოფელი დაიკავეს.

ალეპოს პროვინციაზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ასადის რეჟიმის ძალებმა ამბოხებულები გააძევეს და კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელ M5 მაგისტრალზე.

პარალელურად თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ აღებული ტერიტორიის დაბრუნება სცადეს. თურქული სახელმწიფო მედიის მიხედვით სირიაში თურქულ სადამკვირვებლო პოსტებზე დამხმარე ძალა, სამხედროები, ტანკები და სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა გაგზავნეს.

თურქეთსა და რუსეთს შორის რეგიონში მიმდინარე სიტუაციაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მიმდინარე დაპირისპირება ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში შეთანხმების მიღწევას ართულებს.

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 8 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 თებერვალს, ტაფტანაზში თურქეთის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უთხრა, რომ იდლიბში თავდასხმა უნდა დასრულდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

15 თებერვალს შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის. თეთრი სახლის მიხედვით ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა იდლიბში მიმდინარე ძალადობის გამო და ერდოღანს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მცდელობისათვის. ერდოღანი ამბობს, რომ თურქული სამხედრო ძალები ასადის რეჟიმის ძალებს იდლიბის პროვინციიდან გააძევებენ, თუ ისინი ტერიტორიას თვის ბოლომდე არ დატოვებენ. მან გასულ კვირას თქვა, რომ თუ სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაშავდებოდა ასადის რეჟიმის ძალებზე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შეტევას განახორციელებდნენ.

იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ერდოღანსა და პუტინს შორის 2018 წლის შემოდგომაზე სოჭში და ასტანაში გამართული შეხვედრების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, სირიის მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფ ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა უნდა შექმნილიყო, სადაც ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ აიღო. 

შეთანხმების მიუხედავად, იდლიბის პროვინციაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე ბაშა ალ-ასადის და მისი მოკავშირეების თავდასხმას მიგრანტების ახალი ტალღის დაძვრა მოჰყვა. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მონაცემებით 1 დეკემბრის შემდეგ სახლების მიტოვება 520,000-მდე ადამიანს მოუხდა, მათი 80% ქალები და ბავშვები არიან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდება და ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, რომ შედეგებს ყველა იგრძნობს.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე გასული წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

კომენტარები