საარჩევნო სისტემა

კალაძე: მზად ვართ, სხვადასხვა პარტიას ცალ-ცალკე შევხვდეთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე

instagram.com/kakhakaladze/

ქართული ოცნების გენერალური მდივნის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები ჩაატაროს. კალაძემ აღნიშნა, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით.

"ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. ეს ყველაფერი არის სამსჯელო და ამის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და მომავალ საარჩევნო სისტემაზე სასაუბროდ. თუ ვერ მოხდება შეთანხმება და კონსენსუსი, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით“, - განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით, კახა კალაძემ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით კი, არცერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა ქართულ ოცნებასთან დიალოგზე არ წავა.

"როგორც ჩანს, ახალი, ბისმარკისეული სტრატეგია მოიგონეს ახლა, რომ "დაყავი და იბატონეო“. არანაირი სეპარატული მოლაპარაკებები კალაძესთან და ქართულ ოცნებასთან არ იქნება. დიალოგი იმ ამოცანით და იმ მიზნით მიმდინარეობდა, რომ პროპორციულ სისტემაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ მათ უარი თქვეს დიალოგზე და დაიწყეს ოპოზიციური ლიდერების დაჭერა. შესაბამისად, დიალოგი დამთავრდა მათი ამ უგუნური ნაბიჯით. ამიტომ, ახლა რას ამბობენ, ვისთან საუბარი უნდათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მოლოდინი მაქვს, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ამ დიალოგზე არ წავა" - თქვა კაპანაძემ.

ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

იქამდე, ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილება შესთავაზა, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა.

თავის მხრივ, ხელისუფლება უარს ამბობს, არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ მანდატების უფრო სამართლიანად გადანაწილებას გულისხმობს.

მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.

კომენტარები