ფემიციდი

შსს: კაცმა ცოლი განქორწინების პროცედურის დაწყებისას, სამოქალაქო რეესტრში მოკლა

www.geo.tv

საქართველოს შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში კაცმა ცოლი მაშინ მოკლა, როცა ის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების პროცედურას იწყებდა.

ქმარმა 26 წლის ქალი ცივი იარაღით მოკლა.

"ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული, გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე.

კომენტარები