ბულგარეთი

ბულგარეთმა 3 პირის მკვლელობის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილი 3 რუსის ვინაობა დაასახელა

0 კომენტარი
ემილიან გებრევი ფოტო: Reuters

ბულგარეთის პროკურატურამ დაასახელა რუსეთის სამი მოქალაქე, რომელთაც ბრალი ედებათ 3 ბულგარელის მკვლელობის მცდელობაში. მათი მოწამვლის საქმესა და 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამვლის საქმეს შორის კავშირებს ამ დრომდე იძიებენ.

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სერგეი ფედოტოვს, სერგეი პავლოვს და გეორგი გორშკოვს. ისინი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ და საზღვარგარეთ ყალბი დოკუმენტებით და შეცვლილი სახელებით მოგზაურობდნენ.

მათ ბრალად ედებათ იარაღის საწარმოს მფლობელის, ემილიან გებრევის და ბულგარეთის კიდევ ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობა დედაქალაქ სოფიაში 2015 წლის 28 აპრილსა და 4 მაისს შორის პერიოდში. მკვლელობა მათ დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით სცადეს, რის შედეგადაც 3 პირი შეუძლოდ გახდა, თუმცა გადარჩა.

ბულგარეთის პროკურატურის თქმით ისინი ამ საქმეზე ამერიკულ და ბრიტანულ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობენ.

გამოძიების მიხედვით ფედოტოვის მეტსახელია D.V.S. რაც შეესაბამება დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევის ინიციალებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) მაღალი რანგის ოფიცერია და Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით სერგეი ფედოტოვის სახელით ოპერირებს.

2018 წელის ოქტომბერში რუსულმა ჟურნალისტურმა სააგენტო Fontanka-მ ფედოტოვი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილად დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

საგამოძიებო ვებგვერდის Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით სკრიპალის მოწამვლის ოპერაციაში GRU-ს კიდევ ერთი აგენტი მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში იმავე დროს, სერგეი ვიაჩესლავოვიც ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

სწორედ Bellingcat-მა ამოიცნო პირველად ალექსანდ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი GRU-ს აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც სკრიპალის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მიშკინი და ჩეპიგა ამის შემდეგ კრემლის პროპაგანდისტულ მედიის Russia Today-ს ეთერშიც გამოჩნდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთში ტურისტებად, სოლსბერის კათედრალის მოსანახულებლად ჩავიდნენ.

ბულგარეთი სოფიაში 2015 წელს იარაღით მოვაჭრის მოწამვლასა და სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირის გამოძიება დაიწყო, ვინაიდან სერგეი ფედოტოვი ბულგარეთს 3-ჯერ ეწვია, სწორედ იმ დროს, როდესაც ემილიან გაბრევი მოწამლეს.

ის ბრექსითის და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმებამდეც რამდენიმეჯერ ეწვია ბრიტანეთს და ესპანეთს, კონკრეტულად კი ბარსელონას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები