კორონავირუსი

გამყრელიძე: ნუ დაუძახებთ კორონავირუსს სასიკვდილოს, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდეთ

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს სთხოვს, ნუ უწოდებენ კორონავირუსს სასიკვდილო და მკვლელ ვირუსს. მან მედიას მოუწოდა, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. NCDC-ის დირექტორმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციის დროს სიკვდილიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე "მერსის", "სარსის" და "ებოლას" ვირუსების დროს იყო. გამყრელიძის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანები სრულად ჯანმრთელდებიან.

"ხშირად გაისმის მედიით - ეს სასიკვდილო ვირუსი, ეს მკვლელი ვირუსი და ა.შ. ძალიან გთხოვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეპიდემიის პერიოდში კომუნიკაციას საზოგადოებასთან და რაც შეიძლება, სწორი ინფორმაციის მიწოდებას. 

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ როცა სხვადასხვა ინფექციის დროს სიკვდილიანობას ვითვლით, ვადარებთ სხვა ინფექციებს. ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობა ( ჩინეთში - 2.3%. სხვა ქვეყნებში - 0.5%-0.6%) შედარებით დაბალია, ვიდრე ეს იყო სარსის ინფექციის დროს (9-10%), ბევრად დაბალია, ვიდრე იყო მერსის კორონავირუსული ინფექციის დროს (35%), ბევრად დაბალია ვიდრე გახლდათ ებოლას და სხვა ინფექციების დროს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ იხმართ ამ სიტყვას" - თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის ინფორმაციით, დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით დაავადების 72 000 შემთხვევა აქვს გაანალიზებული.

"შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. დაახლოებით 14%-ია მწვავე შემთხვევა, რომელიც  საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, დაახლოებით 5%-ში გვაქვს კრიტიკული შემთხვევები, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას და სამწუხაროდ, 2% გახლავთ სიკვდილიანობა.

მოსახლეობისთვის ყველაზე სწორია, მივიტანოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია. ნუ დავუძახებთ ამ ვირუსს მკვლელს და სასიკვდილოს. და ისედაც შეშფოთებულ მოსახლეობას ნუ დავძაბავთ. შემთხვევების უმრავლესობაში, რა თქმა უნდა, ეს დაავადება მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით" - თქვა ამირან გამყრელიძემ.

24 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. გარდაიცვალა 2592 და გამოჯანმრთელდა 24 734 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი - 8 ადამიანი - ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები