ქალებზე ძალადობა

გუდაურში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ქალს თავს დაესხნენ

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

გუდაურში, რესტორან "მთვრალი ალუბლის" მეპატრონეს თავს დაესხნენ. მთავარი არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ კაცი აგრესიულია.

რესტორნის მეპატრონე, მირანდა ესაკია ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ კაცი რესტორანში არ შეუშვეს, რის გამოც ჯერ დაცვასთან მოხდა დაპირისპირება, შემდეგ კი მას დაარტყა.

"მოვიდა ეს ერთ-ერთი ადგილობრივი, რესტორანი სულ სავსე იყო ტურისტებით. ყვიროდა, ცდილობდა შიგნით შემოსვლას. გამოვედი, რომ დამეცვა ჩემი თანამშრომლები. მოხდა შეხლა-შემოხლა დაცვასთან. მერე დაბრუნდა ეს ადამიანი, არ ველოდით, რომ დაბრუნდებოდა. შემოვიდა შუა რესტორანში, ყვიროდა, მირანდა, გამოდი გარეთო, ანუ იცოდა, ვინც ვიყავი. გამოვედი გარეთ მარტო. იყო ძალიან აგრესიული და ხელი დამარტყა", - ამბობს ის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რესტორანში დაცვამ არ შეუშვა, რის შემდეგაც მოხდა დაპირისპირება. უწყებაში არ აზუსტებენ, არის თუ არა ნაცემი მირანდა ესაკია. მათი ინფორმაციით, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებული არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები