საბჭოთა კავშირი

სსრკ-ის ბოლო თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი 25 თებერვალს მოკვდა

საბჭოთა კავშირის ბოლო თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი 25 თებერვალს მოსკოვში 95 წლის ასაკში მოკვდა.

2019 წლის 27 მარტს ლიტვის სასამართლომ იაზოვს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

დიმიტრი იაზოვი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის პოსტს 1991 წლის აგვისტოს ბოლომდე იკავებდა. 1991 წელს ის რუსეთში გადატრიალების მცდელობისთვის ნახევარი წლით ციხეში მოხვდა, თუმცა სახელმწიფო დუმამ ამნისტიის ფარგლებში გაათავისუფლა. 

იაზოვი 1924 წელს დაიბადა და 1942 წლიდან მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, რა დროსაც 2-ჯერ დაიჭრა და წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ის კუბაზე გაუშვეს, რათა კომუნისტური რეჟიმი დაეცვა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები იქ ჯარს გადასხამდნენ. ავღანეთის ომის პირველ წლებში ის შუა აზიურ ჯარებს ხელმძღვანელობდა. ე.წ "პერესტროიკის" დროს ის საბჭოთა კავშირის საომარი უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 1990 წელს პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა, მას საბჭოთა კავშირის მარშალის წოდება მიანიჭა. 

ჯერ კიდევ ბორის ელცინის პერიოდში მისი პოლიტიკური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო: თავიდან როგორც ე.წ "დიდი სამამულო ომის" (მეორე მსოფლიო ომი) მონაწილეს სამხედრო აღლუმებზე იწვევდნენ, ხოლო მოგვიანებით, როგორც სამხედრო ჩინოვნიკს. 

2008 წელს იაზოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთერთი ქვედანაყოფის გენერალურ ინსპექტორად დანიშნეს, სადაც ყოფილი ოფიცრები მუშაობენ. 2014 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, იაზოვს 90 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ ამაყობს იმ შესაძლებლობით, რომ ასეთ დღეს მის გვერდით დგას. იაზოვი აქტიურად გამოდის სტალინის დაცვის განცხადებებით. 2016 წელს მან წიგნიც კი გამოსცა, სახელწოდებით Победоносец Сталин.

კომენტარები