თამარ მეარაყიშვილის საქმე

მეარაყიშვილი: ხელისუფლებასაც ვაკრიტიკებ, ამიტომ ჩემ დასახმარებლად არაფერს აკეთებენ

თამარ მეარაყიშვილი

ჟურნალისტის და აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასამართლო მეოთხედ განიხილავს - 2020 წლის იანვარში ე.წ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, პროკურატურის საჩივრის საფუძველზე საქმის ე.წ პირველ ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს ცილისწამების საქმე სამჯერ მოუგო როგორც რაიონულ, ისე ე.წ უზენაეს სასამართლოში. პროცესები თითქმის 3 წელია, გრძელდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეარაყიშვილს რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

"სამჯერ მოვიგე საქმე პირველ ინსტანციაში. სამჯერ იმიტომ რომ, ყოველ ჯერზე გაასაჩივრა პროკურატურამ და უზენაესმა დააბრუნა ცხინვალის რაიონულ სასამართლოში. სხდომები ყოველთვის დახურულია. 18 მარტს ბრალდებებს ხანდაზმულობის ვადა გასდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც არ შეუშლით ხელს, ისე მოიქცნენ, როგორც სურთ.

უკვე მესამე წელია, შინაპატიმრობაში ვარ, რითიც ბევრ უფლებას მირღვევენ", - თქვა მეარაყიშვილმა ტაბულასთან.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ქართული მხარე, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მის დასახმარებლად არაფერს აკეთებს. მეარაყშვილის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს.

"ხშირად ვბრაზობ, რომ არაფერს აკეთებენ. საქართველოს პროკურატურას ჩემი ამ მდგომარეობის გამო გამოძიება აქვს დაწყებული. გამოკვეთილი ჰყავთ დამნაშავე, ბრალდებული, დავით ბიწიევი, რომელიც დაუსწრებლად არის გასამართლებული ტატუნაშვილის საქმეზე, ასევე დავით ბაშარულის სიკვდილის საქმეზე.

წელიწადზე მეტია, ჩემს ადვოკატებს ჰპირდებიან, რომ მათ ბრალს ჩემს საქმეზეც დაუსწრებლად წარუდგენენ. თუმცა, ამას არ აკეთებენ. მარტო ვიბრძვი და სხვა გამოსავალიც არ მაქვს. პროცესებზე რომ არ ვიარო, დამაჯარიმებენ და მილიციაც წამიყვანს. ისღა დამრჩენია, ამათ პინგ-პონგს მივყვე, რაიონულიდან უზენაესში, უზენაესიდან რაიონულში, პირველი ინსტანციიდან პროკურატურაში.

ჩემი საკითხი და პრობლემა არ არის სათანადოდ შეფასებული. საზოგადოების მცირე ნაწილის გარდა, ადამიანებს ჩემზე, ჩემს ბრძოლაზე წარმოდგენა არ აქვთ. იმ ადამიანებს, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც ამაზე ხმას უნდა იღებდნენ, იმის გამო, რომ მათაც ვაკრიტიკებ, ისე გამოჰყავთ, რომ მე აქ საყოფაცხოვრებო დონის დაპირისპირება მაქვს და კონფლიქტი მაქვს, რაც სისულელეა. მართლა მიკვირს და გული მწყდება, რომ ასეთი საქმე, ძალიან ნათელი, არავინ იყენებს", - ამბობს ჟურნალისტი.

მეარაყიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ მძიმე ვითარებაში, სირთულეების მიუხედავად, ვალდებულია, მხნედ გამოიყურებოდეს.

"ჩემი შვილი 6 თვეა, არ მინახავს და დედაჩემი აქ ცუდად არის, ნერვიულობა არც იმისთვის შეიძლება. გულის პრობლემები და შაქრიანი დიაბეტი აქვს".

მეარაყიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს სასამართლო ბოლოს 2019 წლის ივლისში მოუგო. მას ბრალი პარტია "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებაში ედებოდა.

2017 წლის 8 ივნისს, დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. ახალგორის ე.წ. პროკურატურამ ე.წ. ხელისუფლების პარტიის, "ერთიანი ოსეთის" მისამართით ცილისწამების ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამას საფუძვლად დაედო ჟურნალისტის კრიტიკული მოსაზრებები პარტიის "ცალკეული პირების მიმართ". საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

2018 წლის 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე დაუსაბუთებლად ცნო და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დანაშაულის არც შემადგენლობა, არც ჩადენის დრო და ადგილი. ე.წ. პროკურატურამ გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, თუმცა თამარ მეარაყიშვილს ორი ახალი ბრალი წარუდგინა - ოფიციალური დოკუმენტის არაკანონიერი მოპოვება და მისი გამოყენება. მათი მტკიცებით, ჟურნალისტმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნა.

კომენტარები