კორონავირუსი

კორონავირუსის გამო გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა განახევრდეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ახალი კორონავირუსის Covid-19 გავრცელებამ შესაძლოა გლობალური ეკონომიკური ზრდა გაანახევროს. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დასკვნაშია ნათქვამი. 

ახალ დასკვნაში სახელწოდებით "კორონავირუსი და გლობალური ეკონომიკა საფრთხის ქვეშ" განხილულია ორი სცენარი: ლოკალიზებული აფეთქება და სწრაფი გავრცელება წყნარი ოკეანისა აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. 

პირველი ლოკალიზებული აფეთქების შემთხვევაში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,9%-იდან 2,4%-მდე შემცირდება, ხოლო ფართო გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელია ზრდის 1,5%-მდე შემცირდება. 

იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი მთელ მსოფლიოში ფართოდ არ გავრცელდება ზრდა, დაახლოებით 2,4%-ზე შეჩერდება, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლოს 1970-იანი წლების დასაწყისში მცირდებოდა, რის შემდეგაც ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 

რაც შეეხება ნეგატიურ სცენარს, ამ შემთხვევაში დაშვებულია, რომ ვირუსი ფართოდ გავრცელდება აზიისა წყნარი ოკეანის ქვეყნებში და მოიცავს განვითარებული ეკონომიკების დიდ ნაწილს - ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიოს ჯამური მშპ-ს 70% მოდის. 

ნეგატიურ სცენარში:

  • დიდ აზიურ და დასავლურ ეკონომიკებში მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში მოხმარების მაჩვენებელი 2%-ით მცირდება;
  • იმავე პერიოდში, გლობალური საფონდო ინდექსები და არასასურსათო ნედლეულის ფასები 20%-ით მცირდება;
  • გლობალური რისკის პრემია [კაპიტალის მოზიდვის ღირებულება] იზრდება 50 საბაზისო პუნქტით.

ამავე სცენარში, კორონავირუსით გამოწვეული შოკები თანდათანობით 2021 წლის განმავლობაში მოიხსნება. თავდაპირველად უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი ჩინეთში იქნება კონცენტრირებული, თუმცა თანდათანობით გავრცელდება აზიის სხვა ქვეყნებზე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. 

ძირითადი ეკონომიკური ზარალი ფართო გავრცელების ქვეყნებში მოთხოვნის შემცირებით იქნება გამოწვეული. ამავე სცენარში, გლობალური ვაჭრობის მოცულობა 3,75%-ით მცირდება. მოთხოვნის შემცირების გამო, განვითარებული ეკონომიკებში შესაძლოა გამოვლინდეს დეფლაცია [ფასების ნელი ზრდა] და ცენტრალური ბანკები იძულებულები იქნებიან შეამცირონ მონეტარული პოლიტიკის საბაზისო განაკვეთი. 

ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ცენტრალური ბანკი შემოიღებს ნულოვან საბაზისო განაკვეთს. მათ შორის - ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში, გაერთიანებულ სამეფოში. ამ შემთხვევაში დასახელებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ, არასტანდარტული ზომების მიღებაც, მათ შორის საუბარი ე.წ. რაოდენობრივ შემცირებაზე [QE]. ეს მეთოდი პირველად 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გამოიყენეს. 

ამასთანავე ზოგიერთი ეკონომისტი არატრადიციული ზომების მიღებას ემხრობა. მაგალითად საუბარია, ცენტრალური ბანკის მიერ შინამეურნეობების ლიკვიდურობის პირდაპირ სტიმულირებაზე. 

საბაზისო განაკვეთი უკვე შეამცირა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს, პირველად 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საგანგებო სხდომაზე შეამცირა. 

ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ბოლოს ასეთი მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილება სარეზერვო სისტემამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიიღო. ამ დროისთვის საბაზისო განაკვეთი 1-1,25%-ს შეადგენს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები