რუსეთი

პუტინი რუსეთში ძალაუფლების შეცვლაზე: ახლა მნიშვნელოვანია სტაბილურობა

EPA-EFE

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსეთისთვის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია და ხელისუფლების ცვლილება საჭიროა მაშინ, როცა ქვეყანა საკმარის რესურსებს და თავდაჯერებულობას დააგროვებს.

ამის შესახებ მან ივანოვოს ოლქში ისაუბრა, სადაც, Россия 24-ის ინფორმაციით, საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გავრცელებულ ვიდეოში პუტინს მისი გეგმების შესახებ ეკითხებიან და ინტერესდებიან რატომ ამბობს "კატეგორიულ" უარს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელობაზე და ხომ არ დაიღალა.

"საქმე არ არის იმაში, რომ დავიღალე და მინდა გვერდზე გავდგე. იცით, ნებისმიერი ადამიანი, თუ ის აღმოჩნდება ჩემს მდგომარეობაში, დარწმუნებული ვარ, მიიღებს ამას არა როგორც უბრალოდ სამსახურს, არამედ, როგორც ტვირთს. მე ამის მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება მაქვს", - თქვა მან.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადების შემცირებას როცა არ ემხრობა, საკუთარ თავზე არ შიშობს და საქმე ქვეყანას ეხება.

"მე რისი მეშინია, რატომ არ მინდა ვადების შემცირება... საკუთარი თავის გამო არ ვშიშობ, მე ჭკუიდან არ გადავალ. საქმე ჩემში არ არის. ჩვენ ხომ ვცვლით კონსტიტუციას არა 5 ან 10 წლით, მინიმუმ 50 წლით. მე მგონია, რომ მომავლისთვის საჭიროა... საუბარი არაა დღევანდელზე, ახლა შეიძლება მართლაც უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ქვეყნის მშვიდი განვითარება. მაგრამ შემდეგ, როცა ქვეყანა დააგროვებს რესურსებს, თავდაჯერებულობას, მაშინ ნამდვილად საჭიროა ხელისუფლების ცვლილების უზრუნველყოფა", - თქვა პუტინმა.

მისივე აზრით, რუსეთში ძლიერი საპრეზიდენტო ძალაუფლების გარეშე ცუდი სიტუაცია იქნება, რადგან ქვეყანაში მყარი, სტაბილური პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, როგორც ევროპაში. თუმცა, პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად, ბელგიაში, ერთი წელია მთავრობას ვერ აკომპლექტებენ და დასძინა:

"და ჩვენ როგორი რთული ქვეყანა გვაქვს. ჩვენთვის ეს შეუძლებელია, დამღუპველია".

ვლადიმირ პუტინმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობაზე და თქვა, რომ ეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა იქნება და "რუსეთისთვის დამღუპველია ასეთი სიტუაცია".

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ აძლევს.

კომენტარები