არჩევნები 2020

120/30-ზე და 1%-იანი ბარიერი არჩევნებზე - შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

flickr.com

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება - ამას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორირატული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

------
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე,  ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც.

ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ოპოზიციამ ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყვიტა. მას შემდეგ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიცია 8 მარტის შეხვედრაზე უცვლელი მოთხოვნებით შევიდა: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება.

11 თებერვლიდან მისაღებ მოდელზე საუბრისას ოპოზიცია 40%-იან პრინციპს ასახელებდა. ამ პრინციპის მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების აცხადებდნენ, რომ ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობდა, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

ამ პრინციპს, ხელისუფლების აზრით, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 100/50 ან 110/40-ანი გადანაწილება აკმაყოფილებდა. ოპოზიციისთვის ორივე ეს ვარიანტი მიუღებელი იყო, რადგან, მათი თქმით, ეს არ აკმაყოფილებდა 40%-იან პრინციპს, განსხვავებით მათ მიერ მოთხოვნილი 130/20-ზე პროპორციისა.

საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის - მძაფრი განცხადებებისა და კრიტიკული წერილების, ასევე კონსენსუსის მიღწევისკენ მოწოდებების ფონზე,  გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები შეარბილეს. 6 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია და პრინციპული არ არის 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს. იმავე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას, 110/40-ზე იქნება, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები. 

კომენტარები