ჩინეთმა საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა

Embassy of Georgia to the People's Republic of China

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. 

განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ ჩინეთისგან ასევე უსასყიდლოდ მიიღო სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1 000 ცალი სწრაფი ტესტი. 

საელჩოს განცხადებით, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიიღო. 

"საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს,"- წერია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, 12 მარტს, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დადასტურდეს.

კომენტარები