კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის PR

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. მისივე თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება, ჯანდაცვის სამინისტრო, შსს-ს, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოს საზღვრებზე.

"საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს, ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად ამ გამოწვევებზე საპასუხოდ.  პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე," - თქვა გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, დადგენილია ყველა მოქალაქე, ვისაც კავშირი ჰქონდა უკვე დაინფიცირებულ ადამიანებთან და მიმდინარეობს შესაბმისი ღონისძიებები.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს  ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედებების დრო," - ამბობს პრემიერი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გუშინ, 11 მარტს გამოაცხადა. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 24 შემთხვევა არის დადასტურებული. 

295 ადამიანი არის კარანტინის რეჟიმში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 49.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები