Freedom House-ის ანგარიში

FREEDOM HOUSE საქართველოზე: სამართლის უზენაესობას ძირი გამოუთხარა პოლიტიზირებამ

AP

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოში 2019 წლის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშის შესავალ ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ოლიგარქიული გავლენა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას და რომ სამართლის უზენაესობას პოლიტიზირებამ ძირი გამოუთხარა. 

"საქართველოს აქვს რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად განვითარების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში უკუსვლა გამოიხატა. ოლიგარქიული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებზე, საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე მოქმედებს და სამართლის უზენაესობას ძირი გამოუთხარა პოლიტიზირებამ. არათანმიმდევრულად იცავენ სამოქალაქო თავისუფლებას,"- წერია ანგარიშში. 

2019 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები 20-21 ივნისის ღამის მოვლენების განხილვით იწყება, როდესაც პარლამენტის სპიკერის სავარძელზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, დანახვამ მასობრივი ანტისაოკუპაციო პროტესტი გამოიწვია, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაარბია. 

"ხელისუფლება დემონსტრანტების დასაშლელად გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რის გამოც პროტესტი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, პარლამენტის სპიკერი პროტესტის ფონზე გადადგა და ხელისუფლებამ იმავე თვეში პირობა დადო, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა,"- წერია ანგარიშში. 

Freedom House-ის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2019 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჩაანაცვლა. 

"ნოემბერში პარლამენტმა ჩააგდო ის შესწორებები, რომლებიც აუცილებელი იყო დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის, რამაც პროტესტი განაახლა,"- წერია ანგარიშში. 

მიმოხილვა ასევე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის შედეგადაც, არხი მფლობელობაში ქიბარ ხალვაშს გადაეცა. 

"შედეგად, პროსახელისუფლებო მფლობელებმა არხზე კონტროლი მოიპოვეს და რედაქციის დიდმა ნაწილმა არხი დატოვა და სექტემბერში ახალ, მთავარ არხს შეუერთდა,"- წერია ანგარიშში. 

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. ამასთან, ქვეყნის თავისუფლების ინდექსი შარშანდელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა და მაქსიმალური 100 ქულიდან 61 შეადგინა, საიდანც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 40-დან 24 ქულა მიენიჭა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში - 60-დან 37. 

2019 წელს Freedom House-ისვე შეფასებით, საქართველოს ინდექსი 63 იყო, საიდანაც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 25 ქულა ჰქონდა, სამოქალაქო თავისუფლების ნაწილში კი - 38. 2018 წელს ეს რიცხვი 64-ს შეადგენდა. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული 2017 და 2016 წლებშიც.

კომენტარები