კორონავირუსი და ეკონომიკა

გაზრდილი ხარჯები, სასესხო და საგადასახადო შეღავათები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად წარადგინა ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომები, რომელთა მიზანიც კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შერბილებაა.

დაპირების თანახმად, სამთავრობო ხარჯები გაიზრდება. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა 300 მილიონი ლარით გაზრდის ხარჯვას ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებში.

ამასთან ერთად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფოკუსში ტურიზმის სექტორი მოექცა. "ჩვენი ამოცანა არის, მაქსიმალურად მივეხმაროთ ტურიზმის სექტორს," - თქვა პრემიერმინისტრმა გეგმის წარდგენისას. მასტიმულირებელი ზომების ფარგლებში, გახარიას თქმით, "მთავრობამ მსგავს კომპანიებს მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაუტოვოს."

პრემიემინისტრის თანახმად, ამისათვის ყველა კომპანიისათვის, "რომელსაც საჭიროება ექნება", ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფენ 3-4 თვის მანძილზე. გახარია იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ტურიზმის სექტორში დამატებით 100 მილიონის ფინანსური რესურსი დარჩება.

გარდა ამისა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკური პირებისათვის სესხების მომსახურების ვადების სამი თვით გადაწევის თაობაზე.

ამასთან, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა აპირებს, 4-დან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებს 6 თვის მანძილზე საპროცენტო განაკვეთის მომსახურებაში დაეხმაროს, რაც, გახარიას მიხედვით, დაახლოებით 2 ათას სასტუმროს შეეხება.

მთავრობა ასევე გეგმავს, საგადასახადო შეღავათები აამოქმედოს ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის. სასტუმროებს და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადახდის ვალდებულება პირველ ნოემბრამდე არ დაუდგებათ. პრემიერმინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი 18 ათას კომპანიასა და 50 ათას დასაქმებულს შეეხება.

საგადასახადო შეღავათების ფარგლებში მთავრობა აგრეთვე აპირებს, კომპანიებს დამატებით დაუბრუნდეთ დამატებითი ღირებულების გადასახადი:

"დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მლნ, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს 1.2 მლრდ ფინანსურ რესურსს," - ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭიროება იქნება, მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისათვის დამატიბით ღონისძიებებსაც მიმართავს. ასეთი შეიძლება იყოს საბანკო რეგულაციების შერბილება ან მეტი საგადასახადო შეღავათი.

როგორც გახარია ამბობს, ამ ზომებით მთავრობა კერძო სექტორისაგან, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მოელის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები