გიგა ბოკერია

ბოკერია: კრიზისის დროს ოპონირების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ყალბი ამბების ფეისბუქ-გვერდზე "სირცხვილის კორიდორი" გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის თითქოს ნანობს, რომ ენმ-ის ხელისუფლებამ "შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკი, ამირან გამყრელიძე არ დაიჭირა".

ბოკერია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია, არათუ ახლა, როცა მსოფლიო და მათ შორის საქართველო კორონავირუსის გამო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

"როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება,ასეთ მომენტში აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ კონსლიდაციას უკვე ვხედავთ კიდეც.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ასეთ დროს უნდა შეწყდეს დისკუსია და ოპონირება იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაავდგათ ამ საფრთხის დასაძლევად ან შესამცირებლად. ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ ჯგუფს უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს.

სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს აგრესიულად ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ.

ასეთი უტიფარი სიცრუეა თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე. შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანებას", - ამბობს ბოკერია და მმართველ პარტიას მოუწოდებს, ახლა მაინც, თუნდაც დროებით, უარი თქვას საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე.

2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები