კორონავირუსი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს სხვა დაავადებაც ჰქონდა, დაღუპულთა საშუალო ასაკია - 79

GETTY IMAGES

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

როგორც ანგარიშში წერია, 17 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით 50 წლამდე ასაკის 17 ადამიანი დაიღუპა. ახალი ვირუსით დაღუპული 40 წლამდე პირი ყველა მამაკაცი იყო - სერიოზული დაავადებებით.

იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იტალიაში ჩინეთის შემდეგ ახალი ვირუსით ყველაზე მეტი, 31 506 ადამიანი დაავადდა, დაიღუპა 2 503. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა საშუალო ასაკი 63 წელია.

კომენტარები