კორონავირუსი საქართველოში

ინფექციური: ტიკარაძე არასწორია, არ ვიყენებთ შარიტეს კლინიკის და ჰონგ-კონგის გაიდლაინებს

საქართველოს მთავრობა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექიმები Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს შარიტეს კლინიკისა და ჰონგ-კონგის გაიდლაინებით მკურნალობენ, არასწორს უწოდებს.

ცენტრის ინფორმაციით, ქართველ ექიმებს არასდროს უსარგებლიათ შარიტეს კლინიკისა და ჰონგ-კონგის გაიდლაინებით.

"ა.წ. 28 მარტს "ტელეიმედში", "ქრონიკის" 14.00 საათიან გადაცემაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ქ-ნმა ეკატერინე ტიკარაძემ კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ როგორ მიდის საქართველოში COVID-19-ით პაციენტების მკურნალობა, სიტყვა-სიტყვით განაცხადა, რომ "ყველა ის გაიდლაინი, რომელიც არის გამოყენებული საქართველოში და ეს არის ჰონგ კონგის და შარიტეს კლინიკის მიერ მოწოდებული გაიდლაინები, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მიერ". რისი დასტურიც არის ის, რომ 16 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ქ-ნი მინისტრის ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება. ქართველ ექიმებს არასოდეს გვისარგებლია არც შარიტეს კლინიკის და არც ჰონგ კონგის გაიდლაინებით. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა ა.წ. 26 თებერვალს და პირველივე დღიდან დღემდე ყველა ექიმი, რომელთაც შეხება აქვთ პაციენტების მკურნალობასთან, ხელმძღვანელობს ჩვენი ნაციონალური პროტოკოლით, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგების, ექსპერტთა მოსაზრებების, სხვადასხვა მედიკამენტის მოქმედების მექანიზმების და COVID-19-ის პათოგენეზის ანალიზის საფუძველზე, აგრეთვე ჯანმო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით", - წერია განცხადებაში.

საქართველოში, 28 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

კომენტარები