ნავთობის ბაზარი

აშშ-ის სანქციების გამო როსნეფტმა ვენესუელაში საქმიანობა შეწყვიტა

რუსულმა სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ, როსნეფტმა ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვენესუელაში არსებული აქტივები იყიდა კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა, თუმცა კონკრეტულად რა კომპანიაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.

წილის გაყიდვის შესახებ შეთანხმება 28 მარტს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ვენესუელაში არსებული 5 მომპოვებელი კომპანია ახალი მფლობელის საკუთრებაში გადავიდა. გარიგების შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურმა უკვე დაადასტურა. 

როსნეფტის წარმომადგენელმა, მიხაილ ლეონტიევმა განაცხადა, რომ როსნეფტი საერთაშორისო, ღია კომპანიაა და ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტა შესახებ გადაწყვეტილება აქციონერთა ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მოვლენებს წინ უძღოდა აშშ-ის მხრიდან როსნეფტის ორი შვილობილი კომპანიისთვის სანქციების დაწესება. 

სანქციების მიზეზი კი ვენესუელური ნავთობის ვაჭრობა იყო, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიების საკუთრება დაბლოკა და საქმიანობის შეწყვეტის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 20 მაისი დაუსახა. 

"მიღებული ზომები არ არის საბოლოო და ის შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც როსნეფტი და შვილობილი კომპანიები მიიღებენ კონკრეტულ ზომებს, რომელიც ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენას მოემსახურება", — განაცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში. 

როსნეფტის წარმომადგენელმა მიხაილ ლეონტიევმა ტასს-თან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, აშშ კომპანიისთვის დაწესებულ სანქციებს მოხსნის. 

აშშ-ის მხრიდან როსნეფტისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ საუბრები მარტში, OPEC-თან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ გააქტიურდა.

კომენტარები