ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის მოქმედი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. თანაშემწე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილობრიცი მედიის მიხედვით დამაკმაყოფილებელია, გასულ კვირას პარლამენტის სესიას ნეთანიაჰუსთან ერთად ესწრებოდა. ისინი ოპოზიციონერ კანონმდებლებს შეხვდნენ და კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები გამართეს. ამ დროისათვის უცნობია ჩაუტარდა თუ არა ტესტი პრემიერმინისტრს.

ოფიციალური პირების თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს მიჰყვებიან, რაც 14-დღიან თვითიზოლაციას და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთან ტესტირებას გულისხმობს.

ნეთანიაჰუს 30 მარტს საგანგებო შეხვედრა უნდა გაემართა, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის ნაწილის დაკეტვა უნდა განეხილათ. ჯერ-ჯერობით უცნობია შედგება თუ არა ეს შეხვედრა.

ნეთანიაჰუმ კორონავირუსის ტესტი მიმდინარე 15 მარტს უკვე ჩაუტარდა. მაშინ ტესტის შედეგები უარყოფითი იყო.

ამ დროისათვის ისრაელში კორონავირუსი სულ 4,247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 15, გამოჯანმრთელდა 132.

ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი კორონავირუსის გამო ორი თვით გადაიდო. პროცესი 17 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 24 მაისამდე გადაიდო.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელს გაგრძელედეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა პოსტი დატოვოს. მას მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქვეყანაში 2 მარტს გამართული არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუს პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მთავრობის ფორმირების მანდატი პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მის მთავარ ოპონენტს, ბენი განცს გადასცა.

კომენტარები