ბელარუსი

ლუკაშენკო კორონავირუსთან ბრძოლაზე: წადით აბანოში, დალიეთ არაყი

ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოსახლეობას მოუწოდებს ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის წინააღმდეგ ყინულის ჰოკეის, არაყს და ტრადიციულ აბანოს მიაშურონ.

ბელარუსში კვლავ ღიაა ბარები და რესტორნები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მეზობელმა საზღვრები ჩაკეტა, ბელარუსის საზღვრები კვლავ ღიაა და ქვეყანაში შესულთათვის 2-კვირიანი კარანტინი მოქმედებს. არ გაუქმებულა სპორტული ღონისძიებები და მათ ასობით გულშემატკივარი ესწრება. თავად ლუკაშენკოც არ წყვეტს საჯაროდ გამოჩენას და ყინულის ჰოკეის თამაშსაც აგრძელებს.

"უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. ეს მაცივარია, ეს ჯანსაღია, სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია." თქვა ჰოკეი აღჭურვილობაში გამოწყობილმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ყინულის ჰოკეის გარდა, ლუკაშენკოს თქმით ვირუსთან გამკლავება ტრადიციული აბანოს და არყის მეშვეობითაც შესაძლებელია:

"ერთხელ ვახსენე, რომ ხალხმა აბანოში უნდა იაროს სხვადასხვა ვირუსთან საბრძოლველად. მათ შორის COVID-19-თანაც. მასაც არ მოსწონს მაღალი ტემპერატურა და +60 გრადუს ცელსიუსზე კვდება. ეს ექსპერტებმა მითხრეს."

მიუხედავად ლუკაშენკოს მტკიცებისა, მეცნიერებს ამ დრომდე არ აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომ ვირუსის გაკონტროლება მაღალი ტემპერატურით არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციო საშუალება არ გაქვთ, ლუკაშენკო არყის დალევას გირჩევთ:

"როდესაც საუნაში წახვალთ, მხოლოდ ხელი კი არ უნდა დაიბანოთ, არაყიც დალიეთ. მე თავად არ ვსვამ და დალევის მომხრე არ ვარ, მაგრამ არაუშავს, ასატანია, სულ მცირე 9 მაისის გამარჯვების დღემდე." თქვა მან.

ლუკაშენკომ თქვა, რომ გლობალურ ეკონომიკაზე ვირუსის გავლენა აღელვებს და შთაგონება იპოვა ტრამპის განცხადებაში იმის თაობაზე, რომ ვირუსის წამალი თავად ვირუსზე უარესი არ უნდა იყოს:

"ძალიან მომეწონა ეს განცხადება. მან თქვა, რომ თუ დროულად არ დავუბრუნდებით წარმოებას და მუშაობას არ დავიწყებთ, უმუშევრობისგან უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსისგან. ახლა ხვდებით, რატომ არ დავხურე ქარხნები?"

ოფიციალური მონაცემებით ბელარუსში ვირუსით დაავადების 152 შემთხვევაა გამოვლენილი. არ არიან გარდაცვლილები. თუმცა ლუკაშენკოს კრიტიკოსებს ამ მონაცემებში ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ ის რიცხვებს სპეციალურად ამცირებს, რათა ქვეყანაში მიმდინარე წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას.

ლუკაშენკო ქვეყანას 25 წელია მართავს. მან განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ლუკაშენკოს თქმით თუ მოსახლეობას მისი მმართველობა არ სურს შეუძლიათ ეს 30 აგვისტოს დანიშნულ არჩევნებში დააფიქსირონ.

გასული წლის ნოემბერში ბელარუსში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციამ ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა.

კომენტარები