აშშ-ვენესუელა

ტრამპი ვენესუელის მახლობლად აშშ-ის ფლოტის ხომალდებს გზავნის

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვენესუელის მახლობლად აშშ-ის საზღვაო ფლოტის ხომალდებს გზავნის, რათა უზრუნველყოს, რომ ნარკოკარტელებმა და კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა, როგორიც ნიკოლას მადუროა, არ ისარგებლონ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციით და აშშ-ში მეტი ნარკოტიკი არ შეიტანონ.

"ჩვენ არ უნდა მივცეთ ნარკოკარტელებს საშუალება გამოიყენონ პანდემია და საფრთხე შეუქმნან ამერიკელების სიცოცხლეს. კორუმპირებული აქტორები, როგორიცაა მადუროს არალეგიტიმური მთავრობა ვენესუელაში, დამოკიდებულია ნარკოტიკების გაყიდვისაგან მიღებულ მოგებაზე, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ვენესუელელი ხალხი კვლავ იტანჯება ქვეყანაზე მადუროს კრიმინალური კონტროლის გამო." თქვა ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა.

"დაზვერვამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელები ცდილობენ გამოიყენონ COVID-19-ის გავრცელების შედეგად შექმნილი სიტუაცია და უფრო მეტი ნარკოტიკი შემოიტანონ ქვეყანაში. როგორც ვიცით, ყოველწლიურად ნარკოტიკებისაგან 70,000 ამერიკელი კვდება. ეს მიუღებელია. ჩვენ ვართ ომში COVID-19-თან, ჩვენ ვართ ომში ტერორისტებთან და ჩვენ ვართ ომში ნარკოკარტელებთან. ეს აშშ-ის სამხედრო ძალებია. თქვენ ვერ შემოაღწევთ ქვეყანაში და მოკლავთ უფრო მეტ ამერიკელს." თქვა გენერალმა მარკ მაილიმ.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამის გამო რეგიონში აშშ-ის სამხედრო რესურსებს გააორმაგებს, მათ შორის გამანადგურებელ და სათვალთვალო თვითმფრინავებს და სამხედრო პერსონალს.

"მაშინ, როდესაც მთავრობების და ქვეყნების მთელი ყურადღება მიმართულია კორონავირუსზე, კარტელებისაგან, კრიმინალებისგან და ტერორისტებისგან წამოსული საფრთხე იზრდება. ისინი ცდილობენ ისარგებლონ შექმნილი სიტუაციით. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ." თქვა მან.

მადუროს მთავრობაში განაცხადეს, რომ ახალი ზომებით ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს გადაფაროს, თუ როგორ არაკომპეტენტურად უმკლავდება კორონავირუსის კრიზისს. მადურომ მის მიმართ აშშ-ში წარდგენილ ბრალს მცდარი და რასისტული უწოდა.

26 მარტს აშშ-მა მადუროსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე ბრალი წაუყენა. გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, გამოაცხადა. ამასთან, აშშ-მა ჯილდოდ დააწესა $15 000 000 ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ მადუროს დაპატიმრებაში დაეხმარებათ.

მიუხედავად ამისა, აშშ ვენესუელას სანქციების შემცირების გეგმას სთავაზობს, რომელიც მიხედვითაც ოპოზიცია და მადუროს პარტია ძალაუფლების გადანაწილებაზე უნდა შეთანხმდნენ.

აშშ-ის მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით ნიკოლას მადურო განზე უნდა გადგეს და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალი საბჭო მართავს, რომელიც ოპოზიციის და მმართველი სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. გარდამავალ საბჭოში, მადუროს მსგავსად, ვერ იქნება ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდოც. გეგმის მიხედვით არჩევნები მომდევნო ერთ წელში უნდა ჩატარდეს.

ასევე, ვენესუელა უნდა დატოვონ უცხო ქვეყნების, რუსეთისა და კუბის სამხედრო ძალებმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით გეგმა მოიცავს ვენესუელისათვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნას, მათ შორის ნავთობსექტორზეც.

კომენტარები